აშშ-ს განათლების დეპარტამენტმა სტუდენტური დავალიანება ჩამოწერა

აშშ-ს განათლების დეპარტამენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 320 000-ზე მეტ მსესხებელს 5,8 მლრდ დოლარის სტუდენტური დავალიანება ჩამოაწერა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ვალის ჩამოწერა, სოციალური უზრუნველყოფის ადმინისტრაციაში არსებული მონაცემების გამოყენებით, ავტომატურად მოხდება, რაც სექტემბრიდან დაიწყება. ასეთ მსესხებლებს მომავალში არც შემოსავლების მონაცემების წარდგენას მოსთხოვენ.

„ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსესხებლებისა და მათი დამცველებისგან ამ ცვლილების აუცილებლობის შესახებ ხშირად გვსმენია და მეტად მოხარული ვართ, რომ ამის გაკეთების საშუალება მოგვეცა. ამასთან, ეს ცვლილება ბიუროკრატიას ამცირებს, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მსესხებლებისთვის პროცესი მაქსიმალურად გამარტივდეს,“ - აცხადებს აშშ-ს განათლების დეპარტამენტის მდივანი, მიგელ კარდონა.

განათლების დეპარტამენტმა, ასევე, გააუქმა სტუდენტური დავალიანება ათასობით სტუდენტისთვის, რომლებიც კომერციულ სკოლებში სწავლობდნენ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე დემოკრატების, უფლებადამცველებისა და მსესხებლების ზეწოლა გრძელდება, რათა ის კიდევ უფრო წინ წავიდეს და თითოეული სტუდენტისთვის 50 000- დოლარიანი დავალიანება ჩამოწეროს.

მანამდე ჯო ბაიდენმა განათლებისა და იუსტიციის დეპარტამენტებს დაავალა, გადახედონ პრეზიდენტის კანონიერ უფლებამოსილებას, აღმასრულებელი ზომების გამოყენებით, სტუდენტური ვალის ჩამოწერის შესახებ. ამ ანგარიშების დეტალები ჯერ უცნობია.

„თქვენ ამისთვის არ გჭირდებათ კონგრესის თანხმობა და ერთადერთი რამ, რაც გჭირდებათ, არის კალმის მოძრაობა,” - აცხადებს პრეზიდენტის მისამართით სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ