ეროვნული ბანკი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს.

როგორ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას.

მათივე ინფორმაციით, სცენარების მიმდინარე განახლება, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური საპროგნოზო ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.

„დოკუმენტში ასახულ პროგნოზებში ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი COVID-19 პანდემიის გავრცელებისა და ვაქცინაციის შესაძლო სცენარებია. საბაზო სცენარი ქვეყანაში მიმდინარე წლიდან ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივად აღდგენას განიხილავს, რასაც გაფართოებული ვაქცინაცია და შედეგად, პანდემიის გავრცელების კონტროლს დაქვემდებარება განაპირობებს. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მდგრადი და ყოვლისმომცველი ხასიათისაა, რაც გლობალურად და ქვეყნის შიგნით ვაქცინაციის დაჩქარებული პროცესითა და მაღალი საინვესტიციო აქტივობით მიიღწევა. პესიმისტური სცენარი კი პანდემიის გავრცელების მაღალი ტემპის შენარჩუნებასა და შემაკავებელი შეზღუდვების შემოღებას ითვალისწინებს, რაც ეკონომიკური აქტივობის შემცირებაში აისახება. საპროგნოზო პერიოდისთვის დამახასიათებელია ჩვეულზე მაღალი გაურკვევლობა და გაზრდილი რისკები. ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.