ვენეციაში შესვლა 2022 წლიდან ტურისტებისთვის ფასიანი გახდება

ვენეციის მთავრობა 2022 წლის ზაფხულიდან ქალაქის სტუმრებს გადასახადს დააკისრებს, ვიზიტებზე კი კვოტებს შემოიღებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ამასთან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულების ამ იტალიურ ქალაქში პოტენციურ ვიზიტორებს წვდომის წინასწარი დაჯავშნები მოუწევთ. გამტარი ტურნიკეტები ქალაქის ისტორიულ ცენტრთან მისასვლელ მთავარ ადგილებზე დამონტაჟდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს ახალი ინიციატივა არ არის და ტურისტების ნაკადზე კონტროლის ღონისძიებები ჯერ კიდევ პანდემიამდე, წლების განმავლობაში განიხილებოდა. წელს, როდესაც მოგზაურობა ნელ-ნელა აღდგა, ფასიანი შეზღუდვები ისევ დღის წესრიგში დადგა.

ვენეციაში შესვლა შესაძლოა, 3-დან 10 ევრომდე ღირდეს. დღიური ფასი დადგინდება სეზონისა და ტურისტების რაოდენობის მიხედვით. ადგილობრივები და მათი ნათესავები, აგრეთვე, ტურისტები, რომლებსაც ვენეციურ სასტუმროებში ოთახები უკვე დაჯავშნული აქვთ, საფასურისგან გათავისუფლდებიან.

ქალაქის მრჩეველი მარკო გასპარინეტი არსებულ მოდელს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ვიზიტორებზე საფასურის დაკისრება ვენეციას „გასართობ პარკად“ გადააქცევს. ის გამოდის წინადადებით, რომ ფასიანი შეზღუდვები მხოლოდ მაღალი დასწრების ადგილებზე დაწესდეს, როგორიც არის, მაგალითად, სან მარკოს მოედანი.

გასულ თვეში იტალიის მთავრობამ დიდი საკრუიზო გემების ვენეციის ლაგუნაში შესვლა აკრძალა, რომ ისტორიული ადგილი ზედმეტი ტურიზმისგან დაეცვა. ეს მასობრივი ტურიზმის აღდგენა-რეგულაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ