იმპორტირებული რუსული ხორბლის ნაწილი შესაძლოა, ევროპულმა ჩაანაცვლოს - მოხდება თუ არა წელს ბაზრის დივერსიფიცირება

რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი ბოლო 10 დღეში დაახლოებით 20 დოლარით გაიზარდა და დღეს ერთი ტონა საშუალოდ 280-285 დოლარი ღირს.

შესაძლებელი იქნება თუ არა წელს, ბაზრის დივერსიფიცირება და ყაზახეთიდან, ან სხვა რომელიმე მესამე ქვეყნიდან ხორბლის შემოტანა, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ლევან სილაგავას თქმით, ამაზე უფრო ზუსტად საუბარი 15 სექტემბრის მერე იქნება შესაძლებელი, როცა ყაზახეთში ხორბლის მოსავლის აღება დაიწყება.

,,ყაზახური ხორბლის აღება როგორც წესი, სექტემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. ციმბირი და ყაზახეთი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ერთად იწყებენ აღებას და შესაბამისად, ამ დროისთვის ვნახავთ, რას ვიზამთ. თუმცა, უკვე ვიცით, რომ არც ფასების და არც მოსავლის კუთხით იქ სიტუაცია სახარბიელო არ არის. თუ არ ჩავთვლით ერთ ასპექტს, რომელიც თავისთავად სამწუხაროა, თუმცა ბაზრისთვის შეიძლება იყოს ეფექტური, ყაზახეთი ძალიან დიდ რაოდენობა ფქვილსა და ხორბალს ყიდის ავღანეთში, სადაც ვიცით, რომ საკმაოდ არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა და შესაბამისად, ხორბალი, რომელიც ავღანურ ბზარზე იყო გათვლილი, სავარაუდოა, რომ სხვაგან, მათ შორის საქართველოში გადანაწილდება. ეს ზუსტად 15 სექტემბრის მერე გვეცოდინება. იმ პერიოდში გვეცოდინება გაიაფდება თუ არა ყაზახური ხორბალი ისე, რომ ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირება წელს შესაძლებელი გახდეს.

რაც შეეხება უკრაინას, იქ მოყვანილი ხორბალი რუსულ ხორბალთან შედარებით ყოველთვის ძვირია და ამ მიზეზით, დიდი იშვიათობაა ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომ იქედან სასურსათო ხორბალი შემოვიდეს. ალტერნატივაა არის რუმინული, უნგრული, ფრანგული ხორბალი, თუმცა წელს ფსიქოლოგიური მაღალი ფასის ბარიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხორბალმაც გადალახა. ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, როგორი იქნება ტრენდი, რომელიც ახლა შეუქცევადად აღმავალია“, - განუცხადა სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 198 188 ტონა ხორბლის იმპორტი განხორცილდა (46,387 მლნ დოლარის ღირებულების), აქედან, 171 832 ტონა რუსეთიდან შემოვიდა, 24 355 ტონა აშშ-დან, ხოლო 2 000 ტონა ყაზახეთიდან.

თამარ მუკბანიანი