ვარკეთილის მასივის ტერიტორიაზე ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროცესი დაიწყო

სამგორის რაიონში, ვარკეთილის მასივის ტერიტორიაზე ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროცესი დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ვარკეთილის მასივში მოსახლეობას შეხვდა.

„მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან იმ ძირითად პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მათ მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხების გადაჭრას ემსახურება.

ვარკეთილის მასივში გასულ წლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დაიგო შიდა გზები, აშენდა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 სპორტულ მოედანს. წარმატებით განხორციელდა 3 ახალი სკვერის მშენებლობა. ასევე მოწესრიგდა და მოეწყო წყალარინების ქსელი, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამგეობის მიერ 46 პროექტი დაფინანსდა.

ვარკეთილის მასივში მწვავე პრობლემად რჩება ავარიული კორპუსებისა და ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ახლით ჩანაცვლების საკითხი და სასიხარულოა, რომ ეს პროცესი პირველად ვარკეთილიდან იწყება.

ვარკეთილის მე-3 მასივის ტერიტორიაზე, მწვავედ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მიზნით მერიამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ამ მწვავე კორპუსების ეტაპობრივ ჩანაცვლებას. მასივი დაიყო რამდენიმე არეალად, სადაც უნდა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმები და კერძო ინვესტიციების მეშვეობით მოხდეს ჩანაცვლება. ინვესტორების დაინტერესების მიზნით, დადგინდა ყველა შესაბამისი სამშენებლო პრეფერენცია. ამის გარდა, პროცესის დაჩქარების მიზნით მუშავდება ალტერნატიული გეგმა, რომელიც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.