Nutella-ს მწარმოებელი იმპორტირებულ თურქულ თხილს ადგილობრივით ანაცვლებს

Financial Times-ის ცნობით, იტალიელი ფერმერები შიშობენ, რომ შესაძლოა, თავიანთ მიწები სოფლის მეურეობისთვის ვეღარ გამოიყენეონ. ამის მიზეზად საკონდიტრო გიგანტ Ferrero-ს მხრიდან იმპორტირებული თხილის ადგილობრივი მოსავლით ჩანაცვლებას ასახელებენ.

Ferrero-მ, რომელიც ცნობილი Nutella-ს თხილის პასტის მწარმოებელია, გადაწყვიტა, თურქეთიდან ტყის თხილის შემოტანა შეამციროს და შიდა ბაზარზე მოსავლის აღება მესამედით გაზარდოს.

„ეს მასშტაბები სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან სხვა კულტურების განდევნას იწვევს. ნაყოფიერი და მიწისქვეშა წყლების მქონე მიწის ფართობები სულ უფრო მცირდება,“ - წერს Financial Times ეკოლოგებზე დაყრდნობით.

Ferrero-ს გადაწყვეტილებამ, შიდა ბაზარზე თხილის მოსავლის თითქმის მესამედით გაზრდის შესახებ, ადგილობრივი ფერმერები ორ ბანაკად დაყო: ზოგი მათგანი გაზრდილ მოგებას ელოდება, მეორე ნაწილს კი თავის მიწაზე მეურნეობის დაკარგვის ეშინია.

მსოფლიოში თხილის უდიდესი მწარმოებლისგან და მთავარი მიმწოდებლისგან, თურქეთიდან იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით, Ferrero-მ იტალიელი მწარმოებლების პოზიცია გაიზიარა. ისინი იმპორტიორებს მოუწოდებენ, პროდუქციის შემოტანა შეამცირონ და ადგილობრივი წარმოება გაზარდონ. ასევე, გაამკაცრონ კონტროლი მდგრადი განვითარების სტანდარტებსა და მუშახელის უფლებებზე. Financial Times-ის ცნობით, იტალიელი პოლიტიკოსები Ferrero-ზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ მსხვილი იტალიური კერძო კომპანია თურქულ იმპორტზე მეტად იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, Ferrero-ს გადაწყვეტილებაზე კონკურენციამაც მოახდინა გავლენა: მისმა კონკურენტმა, Barilla-მ გამოუშვა სპრედი მინიშნებით, რომ პროდუქტი "100% იტალიური თხილისგან" არის დამზადებული.

ჯერ კიდევ 2018 წელს მიღებული გეგმის შესაბამისად, Ferrero იტალიაში თხილის წარმოების 30%-ით გაზრდას, ხოლო 2025 წლისთვის თხილის პლანტაციის 90 000 ჰექტრამდე გაფართოებას აპირებს. თუმცა გაზეთის მონაცემებით, Ferrero-ს მეთხილეები სულ უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას ითვისებენ, სადაც საძოვრებს, ვენახებსა და მცირე მეურნეობებს ანაცვლებენ.

„თხილის მასიურმა გაშენებამ გამოიწვია ეკოსისტემის ისეთი სწრაფი ცვლილება, რომ ბუნებამ მას ვეღარ გაუძლო. ტყის თხილს რგავენ ყველგან და ის ჩვენი მიწის ყველანაირ რესურსს შეიწოვს,” - განუცხადა Financial Times-ს ფერმერმა, ჯაკომო ანდრეოკიმ.

ზოგიერთი ეკოლოგი მიიჩნევს, რომ მონოკულტურის დარგვა ეკოლოგიურ ჩიხს იწვევს. ფერმერები ტყის თხილს უკვე იქაც რგავან, სადაც ის, ჩვეულებრივ, არ იზრდება, მაგალითად, ზღვასთან ახლოს. ეკოლოგები გაზეთთან ინტერვიუში აცხადებენ, რომ თხილის ინტენსიურმა გაშენებამ შესაძლოა, მიწისქვეშა წყლები შეამციროს და ძირძველ სახეობებს ტრადიციული კლიმატური გარემო მოუსპოს. მონოკულტურის გაშენება ხელს უწყობს მცენარეთა და მწერების დაავადებების გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, პესტიციდებისა და ჰერბიციდების უფრო ინტენსიურ გამოყენებას იწვევს.

Ferrero-ში აცხადებენ, რომ თხილის დარგვის გეგმა იმ რეგიონებს მოიცავს, სადაც თხილის სხვა კულტურებთან ინტეგრირება არის შესაძლებელი. მეტიც, კომპანია გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისებას აპირებს და ამით მათ განადგურებისგან დაიცავს.

„თხილის გაშენება იტალიის მიწას არ ანადგურებს და ქვეყანას თხილის კულტივირების დიდი ისტორია აქვს,“ - აცხადებენ კომპანიაში.

Ferrero, Nutella-ს თხილის პასტის გარდა, Kinder ბრენდის ტკბილეულს, ასევე, Raffaello-სა და Ferrero Rocher-ის შოკოლადებს აწარმოებს. 2021 წლის Forbes-ის სიაში, რომელიც იტალიური ოჯახების უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს ეხება, Ferrero-მ მეხუთე ადგილი დაიკავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ