ამერიკელი ინვესტორების 32% ფინანსურ გარიგებას ნასვამ მდგომარეობაში დებს

MagnifyMoney-ის გამოკითხვის მიხედვით, Z თაობის ანუ 18-დან 24 წლამდე ამერიკელი ინვესტორების, დაახლოებით, 60%-ს საფონდო ბირჟაზე გარიგებები ნასვამ მდგომარეობაში აქვს დადებული.

Baby boomers-ის, ანუ 56-75 წლების თაობიდან ფინანსური გარიგება ნასვამ მდგომარეობაში მხოლოდ 9%-მა დადო. მილენიანელებიდან, ანუ 25-40 წლის ამერიკელებიდან - 41%-მა, ხოლო X თაობის, ანუ 41-55 წლების რესპონდენტებიდან ფინანსური გარიგების დროს ნასვამი 31% იყო.

გამოკითხულთა საერთო რაოდენობამ, რომელმაც კითხვაზე დადებითად უპასუხა, რომ საფონდო ბირჟაზე ოპერაციების განხორციელების დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო, 32% შეადგინა.

გამოკითხულთა 66%-მა აღნიშნა, რომ ვაჭრობის დროს იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებდა, რასაც შემდგომ ნანობდა.

„მობილური აპლიკაციების წყალობით, დღეს ვაჭრობის დროს ალკოჰოლის მოხმარება მეტად გავრცელებულია მაშინ, როცა წარსულში ინვესტორს თავის ბროკერთან დაკავშირება ბარის ტელეფონით უწევდა,“ - აცხადებს კვლევის ავტორი კამარონ მაკნეირი.

გამოკითხვა ათასზე მეტ ამერიკელს შორის მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ