ღვინის ეროვნული სააგენტო - „რთველი 2021“-ის დროს მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი

რთველის დროს, მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლიდან, ყველა მევენახე ყურძენს საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს.

„მოახლოებული რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ და კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველმა ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრაზე განიხილეს.

სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ცნობას გასცემენ მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის სახელწიფო საწარმოში ჩაბარების შემთხვევაში, რომელსაც მევენახე კადასტრის ამონაწერთან ერთად წარადგენს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „რთველი 2021“-ის დროს, მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი. ყურადღება გამახვილდა რთველის პროცესში იმ რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზეც, რაც პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შემუშავდა. რთველის დაწყებამდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური შეხვედრები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა“,-აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.