საქართველო მოცვის საექსპორტო ბაზარზე შესაძლოა, მნიშვნელოვან ახალბედად მოგვევლინოს - რას ურჩევს ფერმერებს პორტუგალიელი აგრონომი

საქართველოში მოცვის მთელი ინდუსტრიის შექმნა არის შესაძლებელი, თუმცა ბაღებში მექანიზაციის დონე დაბალია ან საერთოდ არ არსებობს. ამის შესახებ პორტალ EastFruit-თან ინტერვიუში პორტუგალიელმა აგრონომმა, ხორხე დუარტემ განაცხადა, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამით, კერნკრის ქართველი მწარმოებლების კონსულტაციისთვის მოიწვიეს.

მოცვის ბაღებს ხორხე დუარტე ერთი კვირის განმავლობაში ათვალიერებდა. ის აცხადებს, რომ მუშახელის დეფიციტი როგორც მთელ მსოფლიოში, ისე მის ქვეყანაში, პორტუგალიაშიც იდგა და ეს პრობლემა მომავალშიც იქნება. ამიტომ პორტუგალიელმა მწარმოებლებმა ბაღებში რიგი სამუშაოების მექანიზაცია დანერგეს, როგორიცაა, მაგალითად, მოსავლის კრეფვა და ბაღის გასხვლა. მისი თქმით, კენკრის ხარისხის შენარჩუნებისთვის ხელით კრეფვა უკეთესი მხოლოდ ძველი ჯიშების ბაღებშია.

„საქართველოსგან განსხვავებით, მოცვის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს ახალი ჯიშები მოყავთ, რომლებიც მოსავლის მექანიკურ კრეფვას უფრო იტანენ. ახალი ჯიშების მოყვანა ტრენდულია პორტუგალიაშიც, სადაც ეს პროცესი 3-4 წლის წინათ დაიწყეს, საქართველოში კი ასეთი ბაღები ცოტაა. არადა, მომავალში ქართველი მწარმოებლები მუშახელის დეფიციტს უფრო მეტად წააწყდებიან,“ - აცხადებს დუარტე.

ის მექანიკური კრეფისთვის შესაფერის მოცვის საუკეთესო ჯიშებსაც ასახელებს. ესენია: Duke, High Chill, Mid Chill, Low Chill, Top Shelf, Blue Ribbon და Suziblue. რაც შეეხება რბილ ჯიშებს, როგორიცაა New Hanover, Star და Legacy, ისინი ექსტრემალური ტემპერატურის მიმართაც მეტად მგრძნობიარე არიან და მექანიკური კრეფის დროს ასეთ ბაღებში დანაკარგი დიდი იქნება.

„საქართველოში ამ დროისთვის არცერთი ბაღი არ არის, რომელიც მექანიკური კრეფისთვის ვარგისიანი შეიძლება, იყოს,“ - აცხადებს პორტუგალიელი აგრონომი.

ის ერთადერთ გამოსავალს არსებული ბაღების მექანიზაციასთან ადაპტაციაში ხედავს. ზოგადად, მოსავლის მოკრეფამდე ბაღები უნდა გაისხლას, რომ ხეხილი სიმაღლეში წავიდეს და მოსავალი მანქანით მოკრეფვისთვის შემზადდეს. ამასთან, რიგებს შორის დისტანცია 2,5-3 მეტრს უნდა შეადგენდეს.

„რაკი ქართული მოცვის ბაღებში ასეთი დისტანცია დაცული არ არის, მწარმოებლებს შეუძლიათ, არსებული კომბაინების გადაკეთება ან ტრაქტორზე მისაბმელი მცირე ზომის საკრეფი მანქანების მოძიება. ასეთი სპეციფიკური ტექნიკის ბაზარზე ცნობილია ნიდერლანდური კომპანია Finefields და სერბული Tresac,“ - აცხადებს ხორხე დუარტე.

მისი თქმით, დღეს, როცა ბაზარი მეტად მომთხოვნია, ქართველმა მწარმოებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ პლანტაციის უკეთეს დაპროექტებაზე, ნიადაგის მახასიათებლებისა და სარწყავი სისტემის გაუმჯობესებაზე, მიიღონ საბაზისო ცოდნა ოპერაციების შესახებ, როგორიცაა გასხვლა, ნიადაგისა და მცენარეების განაყოფიერება.

„საქართველოში მოცვის ნამდვილი ინდუსტრიის შექმნა შეიძლება, რაც ახალი და დინამიური პროცესია. თქვენი ქვეყანა საექსპორტო ბაზარზე შესაძლოა, მნიშვნელოვან ახალბედად მოგვევლინოს,“ - აცხადებს პორტუგალიელი აგრონომი.

2020 წელს გამართული რამდენიმე ონლაინ სემინარის შემდეგ, ხორხე დუარტემ საქართველოში, მიმდინარე წლის აპრილსა და ივლისში, კენკროვანი პლანტაციები ორჯერ მოინახულა. მას მაროკოში, ეგვიპტეში, რუმინეთში, ესპანეთში, იტალიასა და თურქეთში კენკროვან კულტურებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ