კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანიას კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი ჰყავს

ნიკა სირაძე კიბერუსაფრთხოების კიდევ ერთი სპეციალისტია, ვინც საერთაშორისო ორგანიზაცია Cyber Secure Central-ში დეველოპერის პოზიციაზე ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყო.

ნიკას სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციაში (SCSA) ცალკეული კურსები აქვს გავლილი და რამდენიმე წლის განმავლობაში საკვირაო კიბერ სკოლის სტუდენტი და კიბერ ბანაკების აქტიური მონაწილე იყო.

Cyber Secure Central მრავალეროვნული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც კიბერუსაფრთხოებაზეა სპეციალიზირებული. ის კიბერუსაფრთხოების გარდა, ციფრული მარკეტინგისა და აპლიკაციების შემუშავებაზეც მუშაობს, ხოლო კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიის სფეროში მომხმარებლებს საკადრო მომსახურებასაც სთავაზობს.

Cyber Secure Central რამდენიმე წელია, საქართველოში სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან თანამშრომლობს და SCSA-ს კიბერუსაფრთხოების ბანაკის პროგრამის სპონსორია.

„კომპიუტერული მეცნიერება დღეისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა და ჩვენს ასოციაციას საკმაოდ ხშირად მიმართავენ დარგის წარმომადგენელი ორგანიზაციები ვაკანტური ადგილებით,“ - აცხადებს SCSA-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, მაქსიმ იავიჩი.