გადაწყვეტილებები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვებთან დაკავშირებით დღეს კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, მათ შორის მაყურებლის გარეშე ჩაივლის 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.