თამარ გაბუნია - საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა ეპიდემიის კონტროლს დაეხმარა, მაგრამ ადრეა საუბარი იმაზე, რამდენად მოხდება ამის შენარჩუნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა ეპიდემიის კონტროლს დაეხმარა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, იგივე მოლოდინი აქვთ დღეს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები არის. ტრანსპორტის შეზღუდვა დაეხმარა ეპიდემიის კონტროლს. ადრეა იმაზე საუბარი, ამის შენარჩუნება რამდენად მოხდება, მაგრამ მობილობის ნებისმიერი კლება იწვევს მეტ შესაძლებლობას ვაკონტროლოთ მდგომარეობა. იგივე მოლოდინი გვაქვს დღევანდელ შეზღუდვებთან დაკავშირებით. რესტორანი არის ის გარემო, სადაც აქტიურად ხდება ინფექციის გავრცელება, ეს გზა უკვე გამოვიარეთ. რესტორანში ყოფნის შემცირება და კონტროლი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ასევე ნებისმიერი თავყრილობის მიმართ დაწესებული რეგულაციების აღსრულება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ.