4G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი მხოლოდ შპს "მობიტელმა" წარადგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

კომისიის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების წარმოდგენის ვადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, 2014 წლის 19 დეკემბრის 17:00 საათზე ამოიწურა. განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს "მობიტელმა", იგივე "ბილაინმა" წარმოადგინა.

სააუქციონო სხდომა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. აუქციონზე 800 მეგაჰერცის დიაპაზონში 2ხ10 მეგაჰერციანი მონაკვეთია გამოტანილი და რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 48 364 386 ლარს შეადგენს. აუქციონზე ერთი ბიჯი 2 418 219 ლარი იქნება, რაც საწყისი საფასურის 0.5%-ია დამრგვალებულ მთელ რიცხვამდე. იმ შემთხვევაში თუ სააუქციონო სხდომაზე კომპანია "მობიტელი" საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში რესურსით სარგებლობის საწყის საფასურს (48 364 386 ლარი) დამატებული ერთი ბიჯის საფასურის (2 418 219 ლარი) გადახდის მზაობას დაადასტურებს (50 782 605 ლარი), კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდება.

შპს "მობიტელი" ვალდებული იქნება, გარდა მის ინტერესებში შემავალი მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისა და ტერიტორიული ერთეულებისა, 2016 წლის 1 თებერვლამდე მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურება დანერგოს საქართველოს იმ დასახლებულ პუნქტებში (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის – უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, შემდეგი პირობებით: მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების მინიმუმ: 1. 30%-ში 2016 წლის 1 თებერვლამდე; 2. 50%-ში 2017 წლის 1 თებერვლამდე; 3. 70% -ში 2018 წლის 1 თებერვლამდე; 4. 90%-ში 2020 წლის 1 თებერვლამდე.