Samsung უახლოეს 3 წელში 206 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

Samsung მომავალ სამ წელიწადში 240 ტრლნ ვონის (206 მლრდ დოლარის) ინვესტიციას განახორციელებს. Reuters-ის ცნობით, კომპანია ბიოფარმაცევტული პრეპარატების, ხელოვნური ინტელექტის, ნახევრადგამტარებისა და რობოტული ტექნიკის ინვესტირებას გეგმავს, რათა პოსტპანდემიურ ეპოქაში თავისი წარმომადგენლობა გაზარდოს.

Samsung-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლამდე განხორციელებული ინვესტიციები ძირითად დარგებში, როგორიცაა, მაგალითად, მიკროსქემების წარმოება, კომპანიის გლობალურ პოზიციებს გაამყარებს. გარდა ამისა, ახალი ინვისტიციები კომპანიას ახალ სფეროებში - რობოტულ ტექნიკასა და შემდეგი თაობის ტელეკომუნიკაციაში ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

Samsung Electronics, რომელიც მახსოვრობის მიკროსქემების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელია, ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებას შერწყმა-შთანთქმის (mergers and acquisitions-M&A) ხარჯზე აპირებს. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, დაგეგმილი საინვესტიციო თანხაში ის 17 მლრდ დოლარი თუ შედის, რომელიც Samsung-მა აშშ-ში მიკროსქემების ახალი საწარმოს მშენებლობაში დახარჯა. კომპანიის ახალი გეგმა 2018 წელს გამოცხადებულ სამწლიან გეგმას 30%-ით აღემატება.

„მიკროსქემების ინდუსტრია კორეული ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს. ჩვენი აგრესიული ინვესტიეციები გადარჩენის სტრატეგიაა იმ გაგებით, რომ თუ კონკურენტუნარიანობა დავკარგეთ, უკან ვეღარ დავბრუნდებით,“ - ნათქვამია Samsung Electronics-ის განცხადებაში.

Reuters-ის ცნობით, ჩიპების მწარმოებელი კონკურენტები, Taiwan Semiconductor Manufacturing და Intel გლობალური დეფიციტის ფონზე მსხვილ ინვესტიციებს მიმართავენ, რაც კონკურენციას აძლიერებს.

სამხრეთ კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიის მონაცემებით, Samsung-ს 457 ტრლნ ვონის აქტივების მქონე 59 ფილიალი აქვს. ახალი სამწლიანი საინვესტიციო გეგმა სულ რაღაც კვირაზე მეტ დროში გაჩნდა, რაც კომპანიის ლიდერმა, ჯეი ლი უმცროსმა საპატიმრო პირობით ვადაზე ადრე დატოვა. ის ქრთამისა და გაფლანგვის ბრალდებით იყო გასამართლებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ