ბექა ფერაძის ინფორმაციით, 10 აგვისტოდან დაჯარიმდა 42 ობიექტი, 21 ობიექტი დაილუქა

მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდა 5469 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, გაიცა 4371 წერილობითი და 10 ათასზე მეტი ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება,- ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ფერაძე აღნიშნავს, იზოლაციის და კარანტინის წესების, ასევე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის 42 ობიექტი დაჯარიმდა. განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის, რაც სოციალური ღონისძიების გამართვას გულისხმობდა, 21 ობიექტი დაილუქა.

„მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან, შრომის ინსპექციამ გამკაცრებული კონტროლი დაიწყო კოვიდრეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, განხორციელებულია 5537 აქტივობა. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდა 5469 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, მათ შორის, გაიცა 4371 წერილობითი და 10 ათასზე მეტი ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. გრძელდება პროცესი საქმიანობის აღდგენის მიმართულებით. როგორც იცით, სპეციალური პლატფორმაა შექმნილი, სადაც გარკვეული ბიზნესსუბიექტები მუშაობის ნებართვას იღებენ შრომის ინსპექციიდან, თუ პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ მიმართულებით, 15-მა ობიექტმა მიიღო ნებართვა ამ პერიოდში.

სამწუხაროდ, ცნობიერების ამაღლებისა და გარკვეული აქტივობების მიუხედავად, მთავრობის 322-ე დადგენილების იზოლაციის და კარანტინის წესების და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის, 10 აგვისტოდან დაჯარიმდა 42 ობიექტი, აქედან 26 იურიდიული და 21 ფიზიკური პირი.

განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის, ისევე როგორც პირველივე შემთხვევაზე გვქონდა მასობრივი სოციალური ღონისძიების გამართვის შემთხვევებიც. ამ მიზნით, იმისთვის, რომ კრიტიკული დარღვევები იყო, 10 აგვისტოს შემდეგ 21 ობიექტი დაილუქა. მონიტორინგი და ინსპექტირება გრძელდება. ხვალიდან 22:00 საათამდე იქნება ნებადართული კვების ოებიექტების ფუნქციონირება. ეს არ ეხება „დელივერის“ და „თეიქ ევეის“. კონტროლი ძალიან მკაცრი იქნება “,- აღნიშნავს ფერაძე.

როგორც ბექა ფერაძე განმარტავს, კვლავ მიმდინარეობს ე.წ. შენიღბული სოციალური ღონისძიებები.

„ჩვენ წინა პერიოდიდან გვაქვს გამოცდილება, როდესაც ე.წ. შენიღბული სოციალური ღონისძიებები მიმდინარეობს. 6 ადამიანია მაგიდასთან, თითქოს ეს არის არაერთი სოციალური ღონისძიება, არამედ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი",- აღნიშნავს ფერაძე და დასძენს, რომ დაჯარიმება მათი თვითმიზანი არ არის, ყველა ობიექტს წინასწარ აფრთხილებენ, რომ სოციალური ღონისძიების გამო სანქცია იქნება.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, კვების ობიექტში 60 ადამიანი უნდა იყოს განთავსებული. კვლავ იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

„როგორც მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილია შესაბამისი პროტოკოლი კვების ობიექტებისთვის. კრიტიკულია ერთ სივრცეში 60 ადამიანის დასწრება. ამაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება, ერთ სივრცეში 60 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს მობილიზებული. 4 კვ.მ-ზე 1 ადამიანის დაშვება იგულისხმება, მაგრამ არაუმეტეს 60 ადამიანისა “,-აღნიშნავს ფერაძე.