უძრავი ქონების გაქირავების ონლაინ პლატფორმა Airbnb 20 000 ავღანელ ლტოლვილს უფასოდ დაასახლებს, რათა მათ მსოფლიოს მასშტაბით განსახლებაში დაეხმაროს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ეს ნაბიჯი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისით არის გამოწვეული. კომპანია ვალდებულებად მიიჩნევს, თავისი ძალისხმევა გაააქტიუროს. ვიმედოვნებ, რომ ეს სხვა ბიზნეს-ლიდერებსაც შთააგონებს, იგივე გააკეთონ. დრო არ უნდა დავკარგოთ,“ - აცხადებს Airbnb-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან ჩესკი.
მისი თქმით, ათობით ათასი ავღანელი ლტოლვილი მსოფლიოს ქვეყნებში გადადის დასასახლებლად და პირველი შეჩერების ადგილი მათი ახალი ცხოვრების „პირველი თავი“ იქნება.
„ვიმედოვნებ, რომ 20 000 ლტოლვილს Airbnb-ს გუნდი არამარტო შესვენების უსაფრთხო ადგილს, არამედ თბილ სახლს შესთავაზებს, რომ მათ ყველაფერი თავიდან დაიწყონ,“ - აცხადებს ჩესკი.
ლტოლვილებისთვის შეთავაზებები დაუყოვნებლივ დაიწყო და ამ მიზნით კომპანია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობს, რომ მათ პირველადი საჭიროების მოთხოვნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.
„დღეიდან Airbnb 20 000 ავღანელ ლტოლვილს მსოფლიო მასშტაბით საცხოვრებელ ადგილებზე უფასოდ განათავსებს. მართალია, საცხოვრებლის საფასურს ჩვენ ვიხდით, მაგრამ მასპინძლების გულუხვობის გარეშე ამას ვერ გავაკეთებდით,“ - აცხადებს ბრაიან ჩესკი.
ლტოლვილების საცხოვრებელი ქირის საფასურს თავად კომპანია და პირადად, ბრაიან ჩესკი, აგრეთვე, Airbnb.org-ის ლტოლვილთა ფონდის დონორები დაფარავენ.
„მოხალისეებს გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რადგან აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ავღანელი ლტოლვილების გადაადგილება და განსახლება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანტარული კრიზისია,“ - აცხადებს ჩესკი.
აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების მეპატრონეები, რომლებიც თავის ობიექტებს Airbnb-ზე განათავსებენ, კრიზისულ სიტუაციებში ადამიანებისთვის საცხოვრებელ ადგილებს მრავალი წლის განმავლობაში თმობენ. სქემა 2012 წელს, ქარიშხალ „სენდის“ დროს შეიქმნა, როცა ნიუ იორკში 1000 დაზარალებული ადამიანი სწრაფ განსახლებას საჭიროებდა. მას შემდეგ Airbnb ამ სქემით 75 000 ადამიანს დაეხმარა.
2017 წელს კომპანიამ ინიციატივა Open Homes ჩაუშვა, რომლითაც მასპინძლები სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ ან კონფლიქტის ზონებიდან გამოქცეულ ადამიანებს სახლებს უფასოდ სთავაზობენ. ამ პროცესის შედეგად კომპანიამ საკუთარი, დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია Airbnb.org შექმნა, რომელიც კრიზისის დროს ადამიანებს ერთმანეთისთვის საცხოვრებლისა და რესურსების გაზიარებაში ეხმარება. Airbnb.org-მა გასულ კვირას საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი, HIAS და Church World Service 1000 ავღანელი ლტოლვილის დროებითი განსახლებისთვის ექსტრემალური დაფინანსებითა და მხარაჭერით უზრუნველყო.
წინა შაბათ-კვირას Airbnb.org-მა აშშ-ში ჩაფრენიდან მოკლე დროში 165 ლტოლვილი უსაფრთხო საცხოვრებლებში განათავსა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ