კიბერ დამნაშავეებმა გერმანიის ეკონომიკა 223 მილიარდი ევროთი აზარალეს

გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის (IW) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კიბერდანაშაულმა ქვეყნის ეკონომიკა 223 მილიარდი ევროთი აზარალა. შედარებისთვის, 2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 103 მილიარდი ევრო იყო.

სამრეწველო შპიონაჟმა, საბოტაჟმა და იმ ფაქტმა, რომ თანამშრომლების ნაწილი შინიდან მუშაობს, რაც ჰაკერებისგან დაცულობას ასუსტებს, გერმანული კომპანიები 52 მილიარდი ევროთი აზარალა.

„კიბერ დამნაშავეებისთვის, თანამშრომელთა შინიდან მუშაობა ნამდვილი საჩუქარია. ამის მიზეზი ისაა, რომ შინიდან მუშაობისას, თანამშრომლები ნაკლებად დაცულ არხებს იყენებენ. ეს კი ჰაკერებს სისტემაში იოლად შეღწევის საშუალებას აძლევს. ბევრმა კომპანიამ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და ამით, ჰაკერებს საჩუქარი გაუკეთა. უფრო მეტიც, ხშირია შემთხვევები, როდესაც სახლიდან მუშაობისას, თანამშრომლები მობილურ კავშირს იყენებენ, რაც ჰაკერებს საქმეს უფრო უადვილებს“, - ამბობს კვლევის ავტორი ბარბარა ენგელსი.

კვლევის ავტორი დასძენს, რომ დიდი ალბათობით, ზარალი უფრო მეტიც არის, რადგან კვლევისას იმ კომპანიების ინფორმაცია გამოიყენეს, რომლებშიც მინიმუმ 10 ადამიანი მუშაობს. უფრო მეტიც, IT-უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრობლემები უფრო ხშირად, მცირე კომპანიებს ექმნებათ, რადგან დაცვის ნაკლები საშუალება აქვთ.

კვლევაში შეტანილი არაა ის დანაკარგები, რომლებიც კიბერდანაშაულს უშუალოდ არ უკავშირდება. მაგალითად, ბრუნვის კლება და რეპუტაციული დანაკარგები.