რა შემთხვევაში შეაჩერებს Ferrero უცხოეთში, მათ შორის, საქართველოში თხილის შესყიდვას

იტალიურმა Ferrero-მ შესაძლოა, უცხოეთში თხილის შესყიდვა შეაჩეროს. Financial Times-ის ცნობით, კომპანიამ გადაწყვიტა, თურქეთიდან ტყის თხილის შემოტანა შეამციროს და შიდა ბაზარზე მოსავლის აღება მესამედით გაზარდოს.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა ეს Ferrero-ს საქართველოში შესყიდვებსაც შეეხოს. ცნობისათვის, 2007 წელს “ფერერომ“ თხილის პლანტაციები საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში გააშენა. 2017 წლის მონაცემებით, ,,ფერეროს“ საქართველოში 4 000 ჰექტარზე მოჰყავდა თხილი.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, წელს Ferrero-ს საქართველოში შესყიდვები დაგეგმილი აქვს.

,,Ferrero სპეციფიკურ, ძალიან მაღალი ხარისხის თხილს ყიდულობს და ჩვენ ვცდილობთ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ფასიც შესაბამისია. იტალიას არ აქვს იმ მოცულობის თხილი, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს და რა იქნება შემდგომში, რთული სათქმელია. ფაქტია, მსოფლიოში მთლიანი თხილის ბაზრის 35% დღეს ამ კომპანიაზე მოდის და თუ წარმოება არ შეამცირეს, ადგილობრივი ბაზრით ვერ ჩანაცვლდება.

რაც შეეხება საქართველოში შესყიდვებს, ამ ეტაპზე გვაქვს ინფორმაცია, რომ Ferrero საქართველოში თხილის შესყიდვას გეგმავს“- ამბობს ,,ბიზნესპრესნიუსთან“ გიორგი თოდუა.

ინფორმაციისთვის ჯერ კიდევ 2018 წელს მიღებული გეგმის შესაბამისად, Ferrero იტალიაში თხილის წარმოების 30%-ით გაზრდას, ხოლო 2025 წლისთვის თხილის პლანტაციის 90 000 ჰექტრამდე გაფართოებას აპირებს.

თამარ მუკბანიანი