შვეიცარიის სუპერმარკეტში 111-დოლარიანი საზამთრო იყიდება

ციურიხის ერთ-ერთ სუპერმარკეტში საზამთრო 111 დოლარად იყიდება. მაღაზიაში ამბობენ, რომ საზამთროს ფასი რეალურია, რადგან ის ორგანულად არის მოყვანილი და შვეიცარიაში რკინიგზის საშუალებით ჩაიტანეს. ინფორმაციას The Local ავრცელებს.

გამოცემის შეფასებით, შვეიცარია, ზოგადად, ცნობილია თავისი მაღალი ფასებით, მათ შორის იმპორტირებულ ხილსა და ბოსტნეულზე. თუმცა საზამთრომ, რომელიც ციურიხში 100 ფრანკზე მეტად (111 დოლარად) იყიდება, მედიის ყურადღება მიიპყრო. ეს ყველაზე მაღალი ფასია, რაც კი ოდესმე საზამთროზე დაფიქსირებულა.

პირველად ამ უჩვეულოდ მაღალ ფასზე ინფორმაცია ციურიხის ფინანსურმა საინფორმაციო პორტალ Inside Paradeplatz-მა გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი სხვა საინფორმაციო სააგენტოებმაც აიტაცეს.

14 კგ ორგანული საზამთრო 101,50 შვეიცარული ფრანკი ღირს, რაც კილოგრამზე, დაახლოებით, 7 ფრანკი გამოდის. ის ციურიხის უნივერმაღ Globus-ში იყიდება, სადაც აცხადებენ, რომ კენკროვანთა ამ სახეობის ფასი იშვიათობისა და ორგანული წარმოების გამო სამართლიანია.

„ასეთი დიდი საზამთროები უკიდურესად იშვიათია. ჩვენ მათ იტალიის მცირე და ექსკლუზიური მიმწოდებლისგან ვიღებთ, რომელიც პროდუქტის ხარისხსა და გარემოს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს,” - განუცხადა Globus-ის პრეს-მდივანმა, ფრანცისკა ჰემპერლემ შვეიცარულ ტაბლოიდ Blick-ს.

მისი თქმით, საზამთროს ღირებულებას მიწოდების მარშრუტიც ზრდის. საზამთროებს იტალიიდან სპეციალურად რკინიგზით აგზავნიან, რათა მიმწოდებლები დარწმუნდნენ, რომ კენკრა შვეიცარიაში დაუზიანებლად ჩავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ