"ადამიანები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ ეკონომიკა გაგვეხსნა, დღეს გამოდიან, რომ ეკონომიკა ჩავკეტოთ - ჩაკეტვაზე ადვილი რა არის?! ვერც ამაში გვაჯობებენ, მაგრამ ეს არის გამოსავალი?"

ადამიანები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ ეკონომიკა გაგვეხსნა, დღეს გამოდიან, რომ ეკონომიკა ჩავკეტოთ - ჩაკეტვაზე ადვილი რა არის?! ვერც ამაში გვაჯობებენ, მაგრამ ეს არის გამოსავალი? ეს არ არის გამოსავალი, ეს არის მავნებლური, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო იდეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატი წარადგინა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მკაცრი „ლოკდაუნის“ პირობებში საქართველოს მოსახლეობამ „მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები მიიღო“.

„ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ კოვიდპანდემიის დროს, მკაცრი „ლოკდუნების“ პირობებში მოსახლეობამ მიიღო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჩავარდა ღრმა დეპრესიაში. როდესაც მეცნიერებმა გამოიგონეს ვაქცინაცია, ანუ გაჩნდა წამალი, რომელიც მომაკვდინებელი ვირუსისგან გვიცავს, ქვეყნებმა დაიწყეს სხვა ტიპის მართვა, ანუ დაიწყეს ეკონომიკის გახსნა და მკაცრი შეზღუდვები შეარბილეს. ჩვენც ანალოგიურად, რაც დავიწყეთ ვაქინების შემოტანა, ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა. მოგეხსენებათ ისედაც გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაუჭირდა, განსაკუთრებით 2020 წელს, ვინაიდან ათიათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. 200-ლარიანი დახმარება არ იყო საკმარისი.

აპრილში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - 45%-იანი. ბიზნესს მიეცა თავდაჯერებულობა იმ პოლიტიკური სიმყარიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ შევქმენით. ბიზნეს აქვს სტაბილურობის და პროგნოზირებადობის განცდა. მაისში გვქონდა ასევე მაღალი ზრდა - 25%. ივნისში - 18%. ბოლო ექვს თვეში გვაქვს 12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც ღარიბაშილმა ეპიდემიის მართვის პროცესზე საუბრისას აღნიშნა, დაბალანსებული მიდგომაა საჭირო.

„ტურიზმის აღდგენა დაიწყო სწრაფად, მე ვესაუბრე მოქმედ მერს და მითხრა, რომ ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის სვანეთში, აჭარაში, კახეთში, ყველგან. ტურისტებითაა გადავსებული სასტუმროები. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდათ დამატებითი შემოსავალი. დეპრესიული ფონი მოიხსნა და ამას სჭირდება შენარჩუნება.

ამერიკის და ევროპის ქვეყნების ლიდერები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ქვეყნები აღარ ჩაიკეტება, შეიძლება ლოკალური შეზღუდვები დავაწესოთ, მაგრამ ქვეყნის და ეკონომიკის გაჩერების უფლება არ გვაქვს. ამის უფლება არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, გერმანიას, ევროპის დედაქალაქებს. ჩვენ მით უმეტეს, ჯერ კიდევ ღარიბმა სახელმწიფომ და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ როგორ შეიძლება მკაცრი „ლოკდაუნი“ განვიხილოთ. ადამიანები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ ეკონომიკა გაგვეხსნა, დღეს გამოდიან, რომ ეკონომიკა ჩავკეტოთ. ჩაკეტვაზე ადვილი რა არის. ვერც ამაში გვაჯობებენ. გვაქვს ამის გამოცდილება - 24 საათში გადავკეტეთ ყველაფერი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამაზე ადვილი რა არის, მაგრამ ეს არის გამოსავალი? ეს არ არის გამოსავალი, ეს არის მავნებლური, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო იდეა. ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა, ამას სჭირდება აქტიური ვაქცინაცია. ჩვენ მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს სკეპტიციზმი აცრასთან დაკავშირებით, შეიძლება ინფორმაციის ნაკლებობაა, არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია, უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და ძლიერ სახელმწიფოებს, რომლებიც ამას წარმატებულად მართავენ. ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.