დასაქმებული ამერიკელების ნახევარი თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა

აშშ-ს დასაქმებულთა შორის არავაქცინირებულ კოლეგებზე შეზღუდვების დაწესებას სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელსაც ბიზნესში ადამიანური რესურსების საკონსულტაციო კომპანია Eagle Hill-ის გამოკითხვის შედეგები მოჰყავს.

გამოკითხულთა 41% არავაქცინირებული თანამშრომლებისთვის უფრო ძვირი დაზღვევის იდეას უჭერს მხარს. რესპონდენტების, თითქმის, 2/3 აცხადებს, რომ არავაქცინირებულ კოლეგებს სახლიდან მუშაობისთვის სპეციალური შეღავათები არ უნდა მიეცეთ. გამოკითხულთა 58%-მა მხარი დაუჭირა დამსაქმებელთა უფლებას, ჰკითხოს მუშახელს ვაქცინაციის სტატუსის შესახებ, დანარჩენი კი ემხრობა დამსაქმებლის მოთხოვნას ვაქცინაციის დადასტურების შესახებ. ოფისში დაბრუნებამდე სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხზე რესპონდენტების პოზიცია თანაბრად იყოფა. ამასთან, 60% მხარს უჭერს აცრილ ადამიანებზე დამსაქმებელთა წამახალისებელ ზომებს.

დამსაქმებელთა ცალკეულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, ვინც თანამშრომლების სავალდებულო იმუნიზაცია შემოიღო ან ამის გაკეთებას გეგმავს, წლის დასაწყისიდან გაორმაგდა.

„ჩვენ მივაღწიეთ დონეს, როცა პერსონალის 80%-მდე აცრილია, მაგრამ ეს მაჩვენებელი ამაზე მეტად, უბრალოდ, არ იზრდება," - აცხადებს საკადრო კონსულტანტ Mercer-ის მარეგულირებელი რესურსების ჯგუფის უფროსი, უაიდ სიმონსი.

„ვაქცინაციისთვის ფულის გადახდის მეთოდი ისე კარგად არ მუშაობს, როგორც კომპანიებს სურთ, ამიტომ ბევრ სხვა მასტიმულირებელ მეთოდს მიმართავენ,“ - აცხადებს ადამიანური რესურსების კვლევის საკონსულტაციო კომპანია Gartner-ის ხელმძღვანელი, ბრაიან კროპი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ