YouTube-მა კონტენტმეიკერებს 30 მლრდ დოლარზე მეტი გადაურიცხა

YouTube პლატფორმამ გასული სამი წლის განმავლობაში ვიდეოს შემქმნელებს, მსახიობებსა და მედიაკომპანიებს 30 მლრდ დოლარზე მეტი გადაურიცხა. ამის შესახებ თავად ვიდეო სერვისის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნული თანხა პარტნიორული პროგრამის ფარგლებში იქნა გადახდილი, რომელიც კონტენტის მონეტიზაციის ათ საშუალებას, მათ შორის რეკლამას, მერჩენდაიზინგს, გამოწერებს, მომხმარებლების შემოწირულობებსა და სხვა სერვისებს ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში YouTube-ის სარეკლამო შემოსავალმა 7 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებთ, 84%-ით მეტია. ამ თანხიდან ვიდეოჰოსტინგმა ავტორებსა და პარტნიორებს „იმდენი გადაურიცხა, ვიდრე ოდესმე გადაუხდია კომპანიის ისტორიაში.“

პარტნიორული პროგრამა 14 წლის წინათ ჩაეშვა და დღეს მას 2 მილიონზე მეტი ავტორი ჰყავს. არხების რაოდენობა, რომლებიც მონეტიზაციის სისტემას 2020 წელს შეუერთდნენ, 2019 წელთან შედარებით, გაორმაგდა. აშშ-ში ექვსნიშნა შემოსავლის მიმღები აქაუნტების რაოდენობა 25%-ზე მეტად გაიზარდა.

რეკლამა პლატფორმისა და კონტენტმეიკერების შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამიტომ კომპანია brand safety-ის განვითარებაზეა ორიენტირებული.

„რეკლამის დამკვეთებს არ სურთ, რომ მათი ბრენდები პრობლემურ შინაარსთან და მსახიობებთან ასოცირდებოდეს. თუ ისინი ჩვენს სისტემას არ ენდობიან, YouTube-ზე თავიანთ ხარჯებსაც ამცირებენ,” - ნათქვამია YouTube-ის განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისთვის პლატფორმა ბრენდის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად 99%-ით ეფექტიანია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ