გიორგი კაპანაძე - „დირსის“ შემთხვევა აჩვენებს, რომ ინვესტორების ინტერესების დაცვა მერიისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, შემაშფოთებელია რამდენიმე დღის წინ AS Georgia – „დირსის" მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი, რადგან ცალსახაა, რომ კომპანია, რომელსაც დედაქალაქის დეველოპერულ სექტორში ყველაზე მსხვილი - 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და რომლის საინვესტიციო გეგმებიც 1 მლრდ დოლარის მოცულობაზე ადის, არ უნდა აწყდებოდეს დროში უსაშველოდ გაწელილ და პრაქტიკულად, თითიდან გამოწოვილ ბიუროკრატიულ ბარიერებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „დირსიდან“ აცნობეს, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ის კონკრეტული პრობლემები, რაც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული და რომელთა მოუგვარებლობაც ინვესტორს ხელს უშლის განვითარებასა და საინვესტიციო ვალდებულებების დროულად შესრულებაში, არათუ დროში უნდა იწელებოდეს, არამედ, უბრალოდ, არც კი უნდა არსებობდეს.

„ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი, როცა საქმე გვაქვს დედაქალაქის დეველოპერული სექტორის, ფაქტობრივად, ყველა დროის ყველაზე მსხვილ ინვესტორთან, ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი ყოველმხრივ ხელს უწყობდეს მას საქმიანობაში, როგორ ხდება, რომ წლობით არ წყდება მარტივი საკითხები, რაც შემდგომში კიდევ უფრო რთული პრობლემების წარმოშობას უწყობს ხელს“, - აღნიშნა კაპანაძემ.