უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დაასაწყობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის, „Marlboro“-სა და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ნაწილის რეალიზაციისთვის გადაზიდვა განახორციელეს მეორე ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4 497 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 19 700 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.