„ლარი რომ არ დასტაბილურებულიყო, ვიქნებოდით ბევრად კატასტროფულ მდგომარეობაში“ - რამდენით გაძვირდა პროდუქტის ტრანსპორტირება

„ლარი რომ არ დასტაბილურებულიყო, ვიქნებოდით ბევრად კატასტროფულ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ტრანსპორტირების ფასების მიმოხილვისას ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ივა ჭყონია ამბობს, რომ ინფლაციაში ძირითადი წილი ტრანსპორტირების გაზრდილ ფასებს უკავია.

,,ინფლაციის მაჩვენებელი რომ არის ასეთი მაღალი, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ტრანსპორტირების გაზრდილი ფასია. ასევეა საწვავზე გაზრდილი ფასებიც, ესეც ძალიან ნეგატიურად აისახება ინფლაციაზე და ეს ორი კომპონენტი იწვევს გაძვირების მაღალ ნიშნულს. წარმოიდგინეთ, ლარი რომ არ დასტაბილურებულიყო, ვიქნებოდით ბევრად კატასტროფულ მდგომარეობაში. ახლა, ჩვენ ხელს გვიწყობს, რომ ლარი დოლართან მიმართებით 3,10-ის ნიშნულზეა და არა 3,50-ის, სერიოზული პრობლემა ამან შეამსუბუქა.

მაგალითად, მხოლოდ კონტეინერის ტრანსპორტირების ფასი ჩინეთიდან 300%-ით არის გაზრდილი. ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნებიდან ფასი ერთნაირად არ გაზრდილა, თუმცა გაძვირება 100-დან 300%-მდეა“, - განუცხადა ივა ჭყონიამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

თამარ მუკბანიანი