Google-ის სმარტფონი პირველად ისტორიაში Samsung-ის 5G მოდემს გამოიყენებს

Google თავის ფლაგმანურ სმარტფონ Pixel-ის შემდეგი მოდელისთვის Samsung Electronics-ის 5G მოდემს გამოიყენებს. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, ეს აშშ-ს ბაზარზე კორეული ფირმის პირველ გამარჯვებაზე მიუთითებს, რადგან ამ ბაზარზე Qualcomm დომინირებს.

თვის დასაწყისში Google-მა განაცხადა, რომ თავისი ახალი, მაღალი დონის სმარტფონების, Pixel 6-ისა და Pixel 6 Pro-სთვის საკუთარი პროცესორი შეიმუშავა, რითიც Qualcomm-ზე დამოკიდებულებას ბოლო მოუღო. თუმცა Qualcomm შედარებით იაფფასიან Pixel 5A-ს ჩიპებით ისევ მოამარაგებს.

Samsung ერთ-ერთია მსოფლიოს იმ სამი კომპანიიდან, რომელსაც 5G მოდემების წარმოება შეუძლია. ეს მოდემები მოწყობილობებს მონაცემთა გადაცემის უსადენო ქსელს აკავშირებს. ბაზრის ლიდერია Qualcomm, რომელსაც მილიმეტრული დიაპაზონის ტექნოლოგიაში დიდი უპირატესობა აქვს, ხოლო მესამე კომპანია ტაივანური MediaTek-ია.

აზიასა და ევროპაში ფლაგმანურ სმარტფონებში Samsung მოდემ Exynos-ის ტექნოლოგიას ფართოდ იყენებს, ხოლო აშშ-ს ბაზარს მოდემებით კარგა ხანია, Qualcomm ამარაგებს. დღეისთვის ყველა სმარტფონი, რაც კი აშშ-ში გამოდის, მათ შორის iPhone, ჩიპებით სწორედ Qualcomm-ისგან მარაგდება, რაც მოწყობილობებს მილიმეტრული დიაპაზონის ქსელებთან აკავშირებს.

სწორედ ასეთი მილიმეტრული დიაპაზონის ქსელის მხარდაჭერა აქვს Samsung-ის ახალ მოდემებსაც. ამასთან, Google-შიც ადასტურებენ, რომ მისი ახალი სმარტფონები მილიმეტრული დიაპაზონის ქსელში იმუშავებენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე კორეულ ფირმას გარეშე კომპანიისთვის 5G მოდემის ჩიპების ტექნოლოგია არასდროს მიუყიდია.

Google-ისა და Samsung-ის შესაძლო გარიგების შესახებ Qualcomm-ში აცხადებენ, რომ „ტელეფონებში მილიმეტრული დიაპაზონის მხარდაჭერისთვის მხოლოდ მოდემი საკმარისი არ არის და ამას დამატებითი მიკროსქემებიც სჭირდება,“ რაშიც კომპანია ტექნოლოგიურ ლიდერობას შეინარჩუნებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ