დავით ნარმანია: "ოლდ სითი დეველოპმენტის" პროექტი თბილისს და თბილისელებს სჭირდებათ

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ კომპანია "ოლდ სითი დეველოპმენტის" პროექტი, დასაქმების, საბიუჯეტო შემოსავლების, ეკონომიკური ზრდის და საინვესტიციო თვალსაზრისით, თბილისს და თბილისელებს სჭირდება.

დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ პროექტი სახელწოდებით "პანორამა თბილისი" არ არსებობს და მერიაში კომპანია "ოლდ სითი დეველოპმენტმა" მის კუთვნილ ტერიტორიაზე სტატუსის მცირედით კორექტირებასთან დაკავშირებით პროექტი შეიტანა. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საბჭოზე განიხილეს და რეკომენდაცია თბილისის საკრებულოს გადაეგზავნა.

"პროექტი სახელწოდებით - "პანორამა თბილისი" არ არსებობს. ჩვენთან შემოიტანა კომპანია "ოლდ სითი დეველოპმენტმა" მის კუთვნილ ტერიტორიაზე სტატუსის მცირედით კორექტირებასთან დაკავშირებით პროექტი, რომელიც საბჭოზე განიხილეს და საბჭოს რეკომენდაცია გადაეგზავნა თბილისის საკრებულოს. ყველაფერი კანონმდებლობის სრული დაცვით არის განხორციელებული. მე ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟი ამ პროცესს არ უნდა მოყვეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სჭირდება თბილისს, თბილისელებს, დასაქმების, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის, ეკონომიკური ზრდის და საინვესტიციო თვალსაზრისით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.