,,ვმუშაობთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომ არსებობდეს ვაქცინაციის ერთიანი ბაზა კერძო ბაგა-ბაღებში დასაქმებულებისთვის“- ასოციაცია

კერძო ბაგა-ბაღებში მომუშავეთა ნაწილი უკვე ვაქცინირებულია. როგორც ასოციაციის ხელძღვანელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რათა შეიქმნას ვაქცინირებული დასაქმებულების ერთიანი ბაზა.

საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელი დირექტორის გიგი სისვაძის თქმით, 2 კვირაში სექტორი შეიკრიბება და მეტი დეტალი ამის შემდეგ ეცოდინებათ.

,,ჩვენი სექტორი ძირითადად შვებულებაშია გასული. ახლა ვმუშაობთ ამაზე, ვაკეთებთ სტატისტიკას, რამდენი პროცენტია აცრილი. ნაწილი ორჯერადად უკვე აცრილია, თუმცა საბოლოო სურათი ჯერ არ გვაქვს. ახლა ვმუშაობთ ასევე პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომ არსებობდეს ვაქცინაციის ბაზა კერძო ბაგა-ბაღებში დასაქმებულებისთვის.

წესით, ჩვენ მუშაობას სექტემბრიდან ვიწყებთ, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, კოვიდის პერიოდის გამოცდილებით, იმასაც კი ველოდებით, რომ შეიძლება არც გაგვხსნან. ამ კუთხითაც რთულია ვითარება. დაახლოებით 2 კვირაში შევიკრიბებით და სურათი უფრო ნათლად გამოჩნდება“, - აცხადებს გიგი სისვაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ბაღებს ფუნქციონირების განახლების უფლება ერთწლიანი დახურვის შემდეგ 1-ელ მარტს მიეცათ.

თამარ მუკბანიანი