IDFI - 2020 წელს და 2021 წლის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 67 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც 61.8 მილიონი ლარი დაიხარჯა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ინფორმაციით, 2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 67 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც 61.8 მილიონი ლარი დაიხარჯა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% - (7.9 მილიონი ლარი). ყველაზე მეტი კი 37% (22.7 მილიონი ლარი) დაიხარჯა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე.

„2020 წელს საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ 12 განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ ჯამში 56 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ - 54.6 მილიონი ლარი. 2021 წლის პირველ და მეორე კვარტალში, საქართველოს მთავრობის 9 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 11 მილიონი ლარი, რომლის საკასო შესრულებამ 7 მილიონი ლარი შეადგინა. შედეგად, 2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 67 მილიონი ლარი, საიდანაც დაიხარჯა 61 მილიონ ლარზე მეტი (61.8 მილიონი ლარი). მათ შორის, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% - (7.9 მილიონი ლარი). მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა - 37% (22.7 მილიონი ლარი) - დაიხარჯა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე. 10% (6.5 მილიონი ლარი) დაიხარჯა არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, 9% (5.6 მილიონი ლარი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დახარჯა ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. 23% (14.4 მილიონი ლარი) დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში. დანარჩენი 7% (4.2 მილიონი ლარი) მოხმარდა სხვადასხვა მიზნებს, რომლებიც ნაკლებად კავშირშია პანდემიის გამოწვევებთან. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯული 7.9 მილიონი ლარიდან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყო 4 მილიონი ლარი.

„ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრომ ამ თანხიდან ყველაზე დიდი - 2.8 მილიონი ლარის ოდენობის შესყიდვა განახორციელა შპს „ეროიო პროდაქშენთან“, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID ინფექციასთან დაკავშირებით სპეციალური ტანსაცმლის (კომბინიზონი, ნიღაბი, სათვალე გუგლის ტიპის BayMax S1551Q) შესყიდვის მიზნით. 271 ათასი ლარის შესყიდვა გაფორმდა შპს Made To Make-თან, ასევე სპეციალური დანიშნულების ტანსაცმლის (ბიო-ქიმიური კომბინიზონები, მიკროფოროვანი, მაღალყელიანი ბახილი) შესასყიდად. 145 ათასი ლარი მოხმარდა COVID ინფექციასთან დაკავშირებით ხელის სადეზინფექციო ხსნარის შესყიდვას შპს ფარმასთან განხორციელებული შესყიდვის საფუძველზე, ხოლო 105 ათასი ლარი გადაირიცხა შპს GEONET EXPO-სთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით ვიზიტორის ხალათების შესყიდვის მიზნით. 96.6 ათასი ლარი გადაერიცხა შპს გრინ სისტემსს - COVID ინფექციასთან დაკავშირებით ცხელი ხაზისთვის CISCO საკონტაქტო ცენტრის სისტემის (მრავალწლიანი) ლიცენზიის და სატელეფონო საუბრების ჩაწერის სისტემის ერთწლიანი ლიცენზიის შესყიდვისთვის.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯული დანარჩენი 3.9 მილიონი ლარიდან 3 მილიონი ლარი მოხმარდა საზღვარგარეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის სავალდებულო კარანტინის მომსახურებას. სარეზერვო ფონდიდან ასევე 613 ათასი ლარი მოხმარდა იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას, 110 ათასი ლარი მოხმარდა პანდემიის დროს აშშ-ში მყოფი მოსწავლეების და სტუდენტების საქართველოში დაბრუნებას, ხოლო 200 ათასი ლარი გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის “144”-ის გამართული ფუნქციონირებისათვის.

2020 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 13 მილიონი ლარი გამოეყო თავდაცვის სამინისტროს წლის ბოლომდე აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით. თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხიდან 9.7 მილიონი ლარი გაიხარჯა სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 3.3 მილიონი ლარი - საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მივლინებაზე. აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში დამატებითი თანხის საჭიროება განაპირობა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის ზრდამ, ხოლო საერთაშორისო მისიების ფარგლებში მივლინებისთვის საჭირო თანხების დეფიციტი დაკავშირებულია სავალუტო კურსის ცვლილებასთან, კერძოდ, აშშ დოლარის კურსის მატებასთან. 2021 წელს სამინისტროს დამატებით ასევე გამოეყო 1.5 მილიონი ლარი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსებისთვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომისიისთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ჯამში დახარჯა 6.5 მილიონი ლარი, საიდანაც 5.4 მილიონი მოხმარდა არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს (მათ შორის, შრომის ანაზღაურება - 2.87 მილიონი ლარი, სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯები - 1.9 მილიონი ლარი), 1 მილიონი ლარი - საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსებას, ხოლო 28 ათასი ლარი არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებას.

2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, სარეზერვო ფონდიდან ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის გაწეული 5.4 მილიონი ლარის ხარჯის გარდა, 2021 წლის ივნისში საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყო 282 ათასი ლარი საინფორმაციო პორტალ EURACTIV.COM-ის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2021 წლის მაისში 889 ათასი ლარი დახარჯა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით და ასევე, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის „FITUR 2021-ის“ მსვლელობისას ქვეყნის მარკეტინგული კამპანიის დაფინანსების მიზნით.

ასევე, სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა 2021 წლის 7 აპრილს ოკუპაციის ხაზთან მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ტრაგიკულად დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარებაზე. ამ მიზნით გამოიყო 40,000 ლარი,“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.