თამარ გაბუნია - პირბადის გამოყენების მაჩვენებელი ახლა 50%-ია, არადა 73% გვქონდა

უკვე დაწესებული რეგულაციები უნდა აღსრულდეს. პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს. არადა, ჩვენ 73%-იანი ნიშნული გვქონდა და ეს 23%-იანი სხვაობა არის უდიდესი დეფიციტი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ არსებული შეზღუდვების აღსრულების გარეშე პანდემიის შეჩერება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს.

„რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველდღიურად მოგვდის ინფორმაცია - ვიღაცას ჯარიმა დაეკისრა, სადღაც რესტორანი დალუქეს. ეს პროცესი მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც დაწესებულია, აღსრულდეს. კიდევ დამატებითი შეზღუდვების მენიუ აღარ დარჩა. არსებული რეგულაციები თუ არ აღსრულდა, აზრი არ აქვს.

ამასთან, მან საგანგებო მდგომარეობის შესაძლო შემოღებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი დიდი ხანია საგანგებო ვითარებაში აგრძელებს მუშაობას.

„ჩვენთვის ჯანდაცვის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს იმ რეგულაციებს, რომელიც უკვე დაწესებულია. საგანგებო მდგომარეობა ასევე ნიშნავს აბსოლუტურ მობილიზებას ჰოსპიტალური სექტორის, რაც უკვე ძალაშია. ჩვენთვის, ჯანდაცვის სექტორისთვის, საგანგებო მდგომარეობაა მთელი ეს პერიოდი, მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოდან დაიწყო ესკალაცია.

ზოგადად, ვერ გეტყვით, რამდენად გამოიყენებს მთავრობა ამა თუ იმ მექანიზმებს სხვა სექტორების შეზღუდვისთვის. აქაც მთავარია, რომ ის რეგულაციები, რაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არის მიმართული, აღსრულდეს. ყოველთვის გასათვალისწინებელია ეკონომიკური და სოციალური აქტივობაც. მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის მიზნებზე პასუხს ვერ მოვარგებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.