დავით ნარმანია: ახალი წლის ღონისძიებებისთვის მაქსიმალურად დავზოგეთ თანხები

ახალი წლის ღონისძიებებისთვის მაქსიმალურად დავზოგეთ თანხები და ახალი განათების მოწყობილობები არ შეგვიძენია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, არსებული განათების მოწყობილობები ძალიან ბევრი ტექნიკური ხარვეზით ხასიათდება და მომდევნო წლის გაზაფხულიდან ახალი განათების მოწყობილობების შესყიდვა დაიწყება. "არსებული განათების მოწყობილობები ძალიან ბევრი ტექნიკური ხარვეზით ხასიათდება და მომდევნო წლისთვის ნამდვილად მოგვიწევს ახლების შეძენა, თუმცა წელს მაქსიმალურად შევაკეთეთ ისინი. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მათგანი ქრებოდა და გარკვეული უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით ქალაქში იყო. ჩვენ ვერც ვასწრებდით წელს მის შესყიდვას, ამიტომ მომდევნო წლის გაზაფხულიდან დავიწყებთ ახალი განათების მოწყობილობების შესყიდვას", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ღონისძიებების ნაწილი ცენტრალური მთავრობის მიერ, ნაწილი კი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისივე ცნობით, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების დამატება და დამტკიცება ახლაც მიმდინარეობს, ბიუჯეტი ყველა პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

დედაქალაქის მერმა ბიუჯეტზეც ისაუბრა. ყველაზე მთავარი მიღწევაა, რომ ბიუჯეტი გახდა ძალიან დეტალური და ძალიან გამჭვირვალე, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან მთავარ მიღწევებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაწერილია ყველა პროექტი და პროგრამა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ნარმანიას შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ორშაბათი მოქალაქეთა მიღების დღეა. მერის ინფორმაციით, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც კითხვის ქვეშ იყო, ღია და გამჭვირვალე გახდა. დაიწყო საგზაო სამუშაოები, მათ შორის, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის პროექტი.