24 800 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება

ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის შემდეგ 24 800 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 24 800 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის შესაბამისად, აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.