გერმანიამ ეპიდემიის რეჟიმი სამი თვით გააგრძელა

გერმანიის ბუნდესტაგმა ქვეყანაში ეპიდემიის რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ DW იუწყება.

ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს მთავრობას, რეგულაციები მომავალშიც გამოსცეს, რის საფუძველზეც ფედერალური მიწების ადგილობრივი ხელისუფლები ანტიკორონავირუსულ შეზღუდვებს აწესებენ.

რეჟიმის გახანგრძლივებას ბუნდესტაგში 325-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 253 წინააღმდეგი იყო, 5-მა კი თავი შეიკავა. გადაწყვეტილება მმართველი კოალიციის დეპუტატების ხმების შედეგად მიიღეს, რომელშიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ქრისტიან-სოციალური კაშირი და სოციალ-დემოკრატიული პარტია შედიან.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი ეპიდემიის რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა. რეჟიმის გაგრძელებას 16-ვე ფედერალური მიწის პირველი პირი მოითხოვდა.

თავისუფალი დემოკრატიული პარტიის, „კავშირი 90/მწვანეებისა“ და მემარჯვენე გაერთინების, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატებმა ეპიდემიის რეჟიმის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირეს, რასაც ისინი „ზედმეტ და არასწორ“ გადაწყვეტილებას უწოდებენ.

ეროვნული მნიშვნელობის ეპიდემიის რეჟიმი გერმანიაში 2020 წლის მარტში შემოიღეს. გასულ კვირას გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტმა თავის ბოლო ანგარიშში კორონავირუსის ეპიდემიის მეოთხე ტალღის დაწყება გამოაცხადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ