სამტრედიის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

სამტრედიის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პოლიგონის კეთილმოწყობის მიზნით ჩატარებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში მთლიანად შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია. მოეწყო პოლიგონზე მისასვლელი გარე და შიდა გზები, ასევე მოხდა ტერიტორიის ელექტრიფიცირება. აღნიშნული ნაგავსაყრელი სამტრედიის მუნიციპალიტეტთან ერთად ვანის, ხონისა და აბაშის მუნიციპალიტეტებს ემსახურება. განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, ნარჩენების მიღება და განთავსება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდება.

სამტრედიის ნაგავსაყრელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" ოპერირებისთვის გასული წლის მაისში გადაეცა. მისი კეთილმოწყობის სამუშაოები კი პოლიგონის ოპერირებაში გადაცემისთანავე დაიწყო. პროექტის ღირებულება 559.900 ლარს შეადგენს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.