ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტებს არ დაკლებიათ არც ერთი თეთრი, რომელიც მათ სჭირდებოდათ - ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლაზე დახარჯულ თანხებზე

„ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენს პაციენტებს არ დაკლებიათ, არც ერთი თეთრი, რომელიც მათ სჭირდებოდათ", - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდის 13% მოხმარდა კორონავირუსთან ბრძოლას.

როგორც მინისტრი ჟურნალისტებთან განმარტავს, აღნიშნულ ფაქტს შეფერხება არ გამოუწვევია ჯანდაცვის სექტორში.

"ჯანდაცვის სამინისტროს, ჰოსპიტალურ სექტორს, ამბულატორიებს, ასევე პაციენტებს არ დაკლებიათ, ერთი თეთრი, რომელიც მათ სჭირდებოდათ. ჩვენ ამასთან მიმართებაში არანაირი შეფერხება არ გვაქვს",- აღნიშნავს ტიკარაძე.

ცნობისთვის, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევაში, აღნიშნულია, რომ 2021 წლის პირველ და მეორე კვარტალში, საქართველოს მთავრობის 9 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 11 მილიონი ლარი, რომლის საკასო შესრულებამ 7 მილიონი ლარი შეადგინა. შედეგად, 2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 67 მილიონი ლარი, საიდანაც დაიხარჯა 61 მილიონ ლარზე მეტი (61.8 მილიონი ლარი). მათ შორის, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% - (7.9 მილიონი ლარი).