Facebook საკონსულტაციო კომისიას ქმნის, რომელიც გლობალურ არჩევნებს დააკვირდება

Facebook პოლიტიკურ ექსპერტებსა და მეცნიერებს მიმართავს და გამოდის ინიციატივით, შეიქმნას კომისია, რომელიც მთელ მსოფლიოში არჩევნების ჩატარების საკონსულტაციო ორგანო გახდება. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

კომისია მიიღებს გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკური რეკლამა და მისი სიცოცხლისუნარიანობა, ასევე, დეზინფორმაციის საფრთხეები. კომისიის დაკომპლექტებაზე განცხადება შესაძლოა, შემოდგომაზე გაჩნდეს და აშშ-ს 2022 წლის შუალედური არჩევნებისთვის დაიწყოს მზადება.

ასეთი კომისია Facebook-ის პირველი საგარეო ჯგუფი არ იქნება, რომელიც კომპანიას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად შეუქმნია. 2018 წელს Facebook-მა შექმნა სადამკვირვებლო საბჭო, რომელშიც ყოფილი პოლიტიკოსები, მეცნიერები და პოლიტიკური ექსპერტები გაერთიანდნენ. ისინი მუშაობენ იმაზე, აქვს თუ არა უფლება Facebook-ს თავისი პლატფორმიდან გარკვეული კონტენტი ამოიღოს.

მაგალითად, მაისში სადამკვირვებლო საბჭომ Facebook-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქაუნთის გაუქმებაში მხარი დაუჭირა. თუმცა საბჭომ იქვე განაცხადა, რომ კომპანია არასწორად მოიქცა, როცა აქაუნთი უვადოდ აკრძალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ