საფრანგეთში ჰიტლერის Mein Kampf-ი ზაფხულის ბესტსელერი გახდა - წინგი 100 ევრო ღირს

ჰიტლერის Mein Kampf-ის (ჩემი ბრძოლა) ფრანგული გამოცემა ზაფხულის ბესტსელერი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფასი 100 ევროა, ხოლო გამომცემლები მისი პოპულარიზაციის შეზღუდვისთვის ძალისხმევას არ იშურებდნენ, პირველი ტირაჟი, 10 000 ეგზემპლარით, ორ თვეში გაიყიდა. ინფორმაციას The Times ავრცელებს.

გამომცემლობა Fayard-მა მეორე ტირაჟი უკვე შეუკვეთა. წიგნი, ძირითადად, ინტერნეტით გაიყიდა, რადგან გამომცემლებმა წიგნის მაღაზიებს ურჩიეს, არ გამოეჩინათ ის თაროებზე. მათ, ასევე, უარი თქვეს წიგნის სავაჭრო ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებში შეტანაზე. გარდა ამისა, ვებგვერდებს, Amazon-სა და Fnac-ს შესთავაზეს, ისე შეეცვალათ ალგორითმები, რომ წიგნი ბესტსელერების სიაში არ მოხვედრილიყო.

გამომცემლობა Fayard-ის წარმომადგენელი, სოფი ჰოგი აცხადებს, რომ ასეთი რაოდენობით გაყიდვები ისტორიკოსების მუშაობის აღიარებას ნიშნავს, რაც მხოლოდ მოსაწონია.

„ჟურნალისტებმა, გაყიდვების წარმომადგენლებმა და წიგნის მაღაზიებმა ჩვენი ინიციატივა კარგად გაითავისეს,” - აცხადებს სოფი ჰოგი. თუმცა ის იმედგაცრუებული დარჩა, როცა რამდენიმე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამ უფასო ეგზემპლარების შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

მემარცხენე მიმომხილველებმა და ზოგიერთმა ისტორიკოსმა ნაცისტური მანიფესტის გამოქვეყნების გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი გამომცემლობას მოუწოდებდა, წიგნი არ გამოექვეყნებინა.

„რა აზრი აქვს, უფრო მეტი ადამიანი თუ შეიტყობს, რა დანაშაულებრივ სისულელეს შეიცავს წიგნი?!" - აცხადებს მემარცხენე ლიდერი, რომელსაც გამომცემლობა პასუხობს, რომ წიგნს „ბოროტების ისტორიზაცია: Mein Kampf-ის კრიტიკული გამოცემა“ ჰქვია და ის მე-20 საუკუნის ისტორიის გასაგებად ფუნდამენტურ წყაროს წარმოადგენს.

მეორეს მხრივ, ისტორიკოსებმა და ებრაულმა ორგანიზაციებმა გამოცემას მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ ჰიტლერის სიტყვების ორ ტომად სააშკარაოზე გამოტანა ანტიდოტის ფუნქციას შეასრულებს 1934 წლის საფრანგეთში გავრცელებული პრონაცისტური ნედლი თარგმანისთვის.

ივნისში ჰიტლერის წიგნის ასლი 28 წლის მონარქისტ დამიენ ტარელს უპოვეს, რომელმაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს საჯაროდ სილა გააწნა. ამის გამო ტარელს ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

წიგნის მეცნიერული გამოცემები ევროპის სხვა ქვეყნებში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 2016 წელს ბავარიის ფედერალურ რეგიონს საავტორო უფლების ვადა ამოეწურა და წიგნი საზოგადოებრივ კუთვნილებად გადაიქცა.

გამოცემიდან მიღებული მოგება ოსვენციმ-ბირკენაუს ფონდს გადაეცემა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ