მალაიზიაში რელიგიური ნივთების მაღაზიის მეპატრონე ქაღალდის ვაქცინებს ამზადებს, რაც მეტად პოპულარული პროდუქტი გახდა. Reuters-ის ცნობით, ქაღალდის შპრიცისა და ვაქცინის ორი ფლაკონისგან შემდგარი კომპლექტი რელიგიური ფესტივალის ყველაზე გაყიდვად ნივთებს შორის აღმოჩნდა. მას რაიმონდ შიე სიო ლეოგი ამზადებს, რომელსაც სალოცავი ნივთების მაღაზია სამხრეთ მალაიზიის ქალაქ ჯოჰორ ბაჰრუში აქვს.
მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბუდისტები და ტაოისტები გარდაცვლილთა პატივსაცემად ე.წ. მშიერ მოჩვენებათა ფესტივალს მართავენ. ეს ტრადიცია ემყარება რწმენას, რომ მიცვალებულთა სულები დედამიწაზე ჩინური მთვარის კალენდრის მეშვიდე თვეში ბრუნდებიან, რა დროსაც ადამიანები, საკმეველთან ერთად, ქაღალდისგან დამზადებულ იმ ნივთებს წვავენ, რომლებიც გარდაცვლილისთვის სიკვდილამდე სასურველი იქნებოდა. შიე ლეონგის ქაღალდის ვაქცინის კომპლექტი სწორედ ამ ფესტივალზე გახდა პოპულარული.
„ჩვენს ქვეყანაში კოვიდსიტუაცია მეტად სერიოზულია. ბევრი ადამიანი ვაქცინის გაკეთებამდე გარდაიცვალა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი პროდუქტი გარდაცვლილებს სიკვდილამდელ სურვილს აუსრულებს,“ - აცხადებს შიე ლეონგი.
მან ქაღალდის კომპლექტის კეთება აგვისტოდან დაიწყო და დღეში 30-დან 50 ყუთს აკეთებს. თითოს ფასი 22,80 რინგიტია (5,45 დოლარია). შიე აცხადებს, რომ უკვე 200-ზე მეტი კომპლექტი აქვს გაყიდული.
„თავიდან ქაღალდის ვაქცინის კეთება ბაზრის შესამოწმებლად გავაკეთეთ და ნამდვილად არ მოველოდით, რომ რეაქცია ასეთი კარგი იქნებოდა. შეკვეთები მოდის და მოდის და პროდუქტის შესაქმნელად გვიან ღამემდე გვიწევს მუშაობა,“ - აცხადებს შიე ლეონგი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მალაიზიას კოვიდინფიცირებისა და გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. დაავადებულთა საერთო რაოდენობა 1,6 მილიონ ადამიანს შეადგენს, 14 818 კაცი კი გარდაცვლილია. მოსახლეობის 57%-ს კოვიდვაქცინის, მინიმუმ ერთი დოზა მიღებული აქვს. მუსულმანური უმრავლესობის ქვეყანაში 32 მილიონი მცხოვრებიდან, დაახლოებით, 20% ბუდიზმის მიმდევარია, რაც ქვეყანაში მეორე, ყველაზე გავრცელებული რელიგიაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ