პარიზის „ამფიბია ავტობუსი“ ტურისტებს ქუჩებსა და მდინარეზე ემსახურება

პარიზს ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა აქვს. ეს ე.წ. ამფიბია ავტობუსია, რომელიც ქალაქის ქუჩებში სიარულის შემდეგ, მდინარე სენაში შედის და გასასეირნებელ კატერად გარდაიქმნება.

Reuters-ის ცნობით, „იხვებად“ წოდებულ ამფიბია ავტობუსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წლებია, ტურისტების გადასაყვანად იყენებენ. ისინი ხშირად მოდიფიცირებულ სამხედრო-სადესანტო ხომალდებს წარმოადგენენ. ამფიბია ავტობუსები მედიაგამოცემების ჰედლაინებშიც არაერთხელ მოხვედრილან, როცა ჩაძირულან ან ბორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარან.

თუმცა პარიზის ვერსია სპეციალურად აგებულ ახალ კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელიც, ძირითადად, საფრანგეთში შეიქმნა. ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ ეს პირველი ამფიბია ავტობუსია, რომელმაც პარიზის ქუჩებისა და წყლების მარშრუტებზე ტურისტების გადაყვანის ლიცენზია მიიღო.

ზაფხულდან ამფიბია ავტობუსით ტურებს ფირმა Canards de Paris ახორციელებს, რაც ფრანგულად „პარიზის იხვებს“ ნიშნავს. ექსკურსიის ფარგლებში ავტობუსი ქალაქის ქუჩებში მგზავრებს პარიზის ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის ტრიუმფალურ თაღსა და ეიფელის კოშკს ათვალიერებინებს, შემდეგ კი ნავის რეჟიმზე გადაერთვება და უკანა ნაწილზე დამაგრებული პროპელერის მუშაობით მდინარე სენაზე მიცურავს. ამფიბია ავტობუსის ჭერზე სამაშველო ჟილეტებია დამაგრებული, ხოლო გვერდითა კედელზე გაკეთებულ ყუთში დევს ღუზა.

„ეს ჩვეულებრივისგან მეტად განსხვავებული და ძალიან კარგი ავტობუსია,“ - განუცხადა Reuters 12 წლის იტალიელმა ტურისტმა გოგონამ, ჯულია გალომ, რომელმაც ამფიბია ავტობუსით ამ კვირაში იმგზავრა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ