ამირან გამყრელიძის განცხადებით, ავტობუსები, რომლებშიც აცრის პუნქტი მოეწყობა, თბილისის გარდა შესაძლოა, სხვა დიდ ქალაქებშიც განთავსდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ავტობუსები, რომლებშიც აცრის პუნქტი მოეწყობა, შესაძლოა, სხვა დიდ ქალაქებშიც განთავსდეს, როგორიცაა მაგალითად, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ა.შ.

როგორც მან მედია ვებინარზე აღნიშნა, დაგეგმილია, რომ თბილისის ყველა რაიონში იყოს თითო მოძრავი ავტობუსი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში გაჩერდება დიდი თავშეყრის ადგილებთან და ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ადამიანებს აცრებს შესთავაზებს.

„ასეთი პროექტი დაიწყო თბილისის მერიასთან ერთად - ამცრელი ავტობუსები, როდესაც ავტობუსში მოწყობილია ამცრელი სივრცე, 3 ავტობუსით დაიწყო პილოტი დღეს და ვფიქრობ, რომ ეს გაფართოვდება. გვინდა, რომ თბილისის ყველა რაიონში იყოს თითო მოძრავი ავტობუსი მაინც, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში გაჩერდება ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილებთან და ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ადამიანებს აცრებს შესთავაზებს. დაიწყო პილოტი დღეს 3 ავტობუსით და ალბათ, მერია 10 ავტობუსზე ავა. აქტიურად იქნება ეს პროცესი და თუ კარგად წავიდა, სხვა დიდ ქალაქებში ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში შეიძლება ამ ტიპის პროექტის განხორციელება. ამავე დროს, სერიოზულად მუშაობენ შტაბები, რასაც უშუალოდ მერები ხელმძღვანელობენ. ბევრ მუნიციპალიტეტში ამცრელი სივრცეები იქმნება, რომ აქტიურად იყოს მოზიდული მოსახლეობა ყოველგვარი წინასწარი დაჯავშნის გარეშე“,- განაცხადა გამყრელიძემ.