მცირე თანხები სახიფათოა, ყოველი ცენტი ბიზნესში ჩადე! - ფულის დაზოგვის ხერხები მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანებისგან

ადამიანებს, რომლებმაც მილიარდები და მილიონები მოიპოვეს, წარმატების რთულ გზაზე ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდათ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსოფლიოს წამყვანი მილიარდერები ფულს დღემდე ზოგავენ. ზოგს მომჭირნედ ცხოვრების ჩვევა დღემდე შემორჩა და ამის შესახებ რჩევებს მათ გულშემატკივრებსაც უზიარებენ.

საინტერესოა, რა გზებით ცდილობენ მილიარდერები თანხის დაზოგვას?

უორენ ბაფეტი - მცირე თანხები სახიფათოა, ყოველი ცენტი ბიზნესში ჩადე!

Berkshire Hathaway- ის აღმასრულებელი დირექტორი და ინვესტორი უორენ ბაფეტი თავისი ეკონომიურობით ცნობილია. მილიარდერი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობს და საკუთარი ოჯახის წევრებსაც იგივეს აიძულებს. ბაფეტი მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც 1958 წელს 31,500 დოლარად შეიძინა. მართავს Cadillac XTS-ს და როგორც წესი, სოციალურ ცხოვრებას თავს არიდებს.

მარკ ცუკერბერგი - ნუ დახარჯავთ ფულს დიზაინერებსა და ძვირად ღირებულ ტანსაცმელზე

მიუხედავად იმისა, რომ "ფეისბუქის" დამფუძნებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, მას ფულის უკონტროლო ხარჯვა არ უყვარს. მარკ ცუკერბერგი არასოდეს ხარჯავს ფულს ძვირადღირებულ ტანსაცმელში და თავის გამოსვლებში ხშირად ამისკენ გულშემატკივრებსაც მოუწოდებს.

მაიკლ ბლუმბერგი - გადაუხადეთ საკუთარ თავს მცირე ხელფასი და შეავსეთ იგი დივიდენდებით

მედია მაგნატმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა 59 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო. ცნობილია, რომ 90 -იანი წლების ბოლოს მას ძალიან მცირე ხელფასი გადაუხადეს, რაც წლიურად 5,000 დოლარს შეადგენდა.

“თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი, თქვენ უნდა აიღოთ პატარა ხელფასი და შეავსოთ იგი დივიდენდებით, რათა საშემოსავლო გადასახადი შეამციროთ“ - ამბობს ბლუმბერგი.

სერგეი ბრინი - ყოველთვის მოძებნეთ ფულის დაზოგვის გზები

მოკრძალებული ხარჯვის მოყვარულთა შორის ასევე არის Google- ის თანადამფუძნებელი და მშობელი კომპანია Alphabet– ის ყოფილი პრეზიდენტი სერგეი ბრინი. 2015 წელს ბრინმა კომპანიის გასაპიარებლად გამოყოფილი ბიუჯეტის საკმაოდ მცირე ნაწილი დახარჯა. თუმცა მისი გადაწყვეტილება მომგებიანი აღმოჩნდა. როგორც ბრინმა ჟურნალ Moment- ს განუცხადა, მან მშობლებისგან ისწავლა, რომ ბედნიერი ფულის გარეშეც უნდა იყოს.

ჯონ კაუდველი - ფულის მეტისმეტი დახარჯვა თვითშეფასებას არ აგიმაღლებს

ჯონ კაუდველმა ფულის უმეტესი ნაწილი დიდ ბრიტანეთში Phones 4u სატელეფონო კომპანიის დაარსების შემდეგ გამოიმუშავა. დღეს მისი ქონება 3 მილიარდი დოლარია. კაუდველი ფულის ზედმეტი ხარჯვის ყოველთვის წინააღმდეგი იყო.

”მე არ მჭირდება Savile Row- ის კოსტუმები. არ მჭირდება ზედმეტი ფულის ხარჯვა ჩემი თვითშეფასების ასამაღლებლად.“ - განუცხადა მან Forbes- ს.

ჩაკ ფინი - გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როდესაც ეს შესაძლებელია

მილიარდერმა ფაქტობრივად, მთელი მისი ქონება საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯა. როგორც Duty Free Shoppers- ის დამფუძნებელი განმარტავს, მან გადაწყვიტა ბევრი ემუშავა, მაგრამ არ გამდიდრებულიყო. იგი დღემდე იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დაფრინავს ეკონომკლასით და იაფფასიან ტანსაცმელს ყიდულობს.

ჯეკ მა - შეინახეთ ფული

ჯეკ მა ცნობილი ადამიანი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ინტერნეტ მაღაზია Alibaba–მ 2014 წელს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ყველაზე მაღალი საჯარო შეთავაზებისთვის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება 40.5 მილიარდი დოლარია, მისი ხარჯვის ჩვევები დიდწილად უცვლელი დარჩა. USA Today-სთან საუბრისას, მა ჩენის მეგობარმა თქვა, რომ მილიარდერის საყვარელი განტვირთვა მთებში ხეტიალი, მედიტაცია და მეგობრებთან პოკერის თამაშია.

კარლოს სლიმი - ყოველთვის ეცადეთ ფასდაკლებაზე მოილაპარაკოთ

მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატის, კარლოს სლიმის ქონება 76,6 მილიარდი დოლარია. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე ცდილობს ნებისმიერი შეთავაზება და მოლაპარაკება ყველაზე დაბალ ფასში მიიღოს.

ილონ მასკი - დიდძალი ქონება დაგამძიმებთ

მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი ფიქრობს, რომ დიდი ქონება ადამიანს ამძიმებს. სავარაუდოდ, აქედან გამომდინარე მიიღო მან გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველაფერი გაყიდოს.

”მე ვყიდი თითქმის ყველა ხელშესახებ ქონებას. აღარ ვფლობ სახლს " -დაწერა ელონმა ამის შესახებ “ტვიტერში“.

გავრცელებული ინფორმაციით Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ახლა 50 000 დოლარად შეფასებულ მცირე ზომის სახლში ცხოვრობს.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი