დანია სექტემბრიდან ყველანაირ შეზღუდვას აუქმებს

დანია სექტემბერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ამ განცხადებას The Local ავრცელებს.

10 სექტემბრიდან დანია COVID-19-ს „საზოგადოებისთვის სერიოზული საფრთხის დაავადების" კლასიფიკაციას მოუხსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის ფარგლებში დარჩენილი სპეციალური შეზღუდვები გაუქმდება.

10 სექტემბრიდან ღამის კლუბებსა და ფეხბურთის მატჩებზე დასწრებისთვის სავალდებულო COVID-ბარათები გაუქმდება, ხოლო 1-ლი სექტემბრიდან ამ ბარათების წარდგენა, ასევე, საჭირო აღარ იქნება რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და სილამაზის სალონებში შესვლის დროს.

„თუმცა ცვლილებები დანიაში შესვლის წესებს არ შეეხება, რომლებიც ცალკეული პარტიათაშორისი შეთანხმებით რეგულირდება და რომლის ვადაც ოქტომბერში იწურება,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დანიის მოსახლეობის 80%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კოვიდინფიცირების 340 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო, დაახლოებით, 2.5 ათასი ადამიანი დაიღუპა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ