ოთარ შამუგია - ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ოთარ შამუგია კახეთში სეტყვით დაზარალებულ მევენახეებს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეხვდა და პირადად მოინახულა დასეტყვილი ვენახები. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებში მონაწილეობდნენ კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.

„ოთარ შამუგიამ, სოფელ აკურაში შეკრებილ მევენახეებს განუმარტა, რომ სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია, დასეტყვილი ყურძნის შეუფერხებლად დასაბინავებლად.

მინისტრის მოადგილე, სოფელ აკურაში სახელმწიფო საწარმოს ყურძნის მისაღებად მზადყოფნას გაეცნო. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება გადამუშავებისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.