2020 წელს სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობა 34%-ით შემცირდა

2020 წელს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში 13 615 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, 2019 წელს სასტუმროებში 20 575 ადამიანი მუშაობდა. ბოლოს სასტუმროებში დასაქმებულთა ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2015 წელს იყო, მაშინ განთავსების საშუალებებში 13 236 ადამიანი მუშაობდა.

სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება იმ ფონზე, როდესაც 2020 წელს ტურიზმი, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო, ბუნებრივია. პანდემიამ შარშან არა მხოლოდ დასაქმებულებზე იმოქმედა ნეგატიურად, არამედ სტუმართა რაოდენობაზეც და შესაბამისად, სასტუმროებზეც. საქსტატის ცნობით, 2020 წელს საქართველოში 1 054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, 2019 წელთან შედარებით 37.3%-ით ნაკლები.

ამასთან, 2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის კვლევაში.