შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ („ელიავა რეგიონული მოლის“) ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ („ელიავა რეგიონული მოლის“) ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.„მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 26 აგვისტოს თბილისის მერის, ბატონ კახი კალაძის მიერ იქნა გაკეთებული განცხადება, იმის თაობაზე რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით მერიასა და ტერიტორიის მესაკუთრეებს შორის შედგა შეთანხმება.

ვთვლით საჭიროდ, რომ გავასაჯაროვოთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად, ჩვენს კომპანიასა (რომელიც ფლობს 7,5 ჰექტარს; მთლიანი ტერიტორიის 50%-ს) და მერიას შორის არ შემდგარა მსგავსი მოლაპარაკება, ვინაიდან არის რიგი საკითხები, რაზეც შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

ჩვენი კომპანია ბოლო 10 წლის განმავლობაში ცდილობს ტერიტორიის რევიტალიზაციას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სავაჭრო სივრცედ გარდაქმნას. ამის დასტურია ჩვენს მიერ აშენებული 10 000 კვ. მ-ზე მეტი თანამედროვე სავაჭრო ტიპის შენობები. თუმცა, 2016 წლიდან ჩვენს მიერ შემუშავებული გენგეგმისა და მერიაში წარდგენილი არაერთი პროექტის დამტკიცება გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

ჩვენი კომპანიის სტრატეგიული მიზანია ჩვენს ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეების ინტერესების დაცვა და მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ამბიცია და მზაობა იმისა, რომ ქალაქს შევთავაზოთ პროექტი, რომელიც მოიცავს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს და წვლილს შეიტანს დედაქალაქის იერსახის გაჯანსაღებისა და გალამაზების პროცესში.

ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ვფიქრობთ, რომ სწორი კომუნიკაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებების დეკლარაციას, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპულ დებულებებს, გაითვალისწინებს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, არ იქნება ბიზნესის შევიწროვების საფუძველი და 2022 წლიდან შესაძლებლობა მოგვეცემა დავიწყოთ და განვახორციელოთ სამშენებლო სამუშაოები.

ჩვენი კომპანია მზად არის მერიასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განახორციელოს ისეთი პროექტი,რომელშიც დაცული და გათვალისწინებული იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, ტერიტორიის მოვაჭრეებისა და რა თქმა უნდა, ტერიტორიის მესაკუთრეების ინტერესები“, - ნათქვამია განცხადებაში.

(R)