ვერტიკალური მეურნეობის გლობალური ბაზარი წელიწადში 24,6%-ით იზრდება

Allied Market Research-ის ანგარიშის მიხედვით, ვერტიკალური მეურნეობის გლობალური ბაზარი, ფულადი თვალსაზრისით, 2026 წლისთვის 12,7 მლრდ დოლარს მიაღწევს. 2019-2026 წლების პერიოდში ის წელიწადში, საშუალოდ, 24,6%-ით გაიზრდება. კვლევის მონაცემებს Freshfruitportal ავრცელებს.

ანალიტიკოსების აზრით, ვერტიკალური მეურნეობის ზრდის მიზეზი მომხმარებელთა შორის ორგანული საკვები პროდუქტების მზარდი პოპულარობაა.

„ვერტიკალური მეურნეობა ხარისხიანი პროდუქციის მიღების საშუალებაა და არ არის დამოკიდებული ამინდის პირობებზე, სარწყავი წყლის მარაგზე, ნიადაგის მდგომარეობასა და სეზონურ მუშახელზე. მისი ტექნოლოგია მოსავლის კონტროლის საშუალებას იძლევა", - ნათქვამია ანგარიშში.

Allied Market Research-ის მიხედვით, სათბურის აგება აუცილებელი განათების დონითა და სარწყავი სისტემებით, დიდ საწყის ხარჯებს მოითხოვს. ამასთან, ვერტიკალური მეურნეობისთვის საჭირო ტექნოლოგიები ჯერ შემუშავების პროცესშია.

„ყველაფერმა ამან, შესაძლოა, ვერტიკალური მეურნეობის ბაზრის ზრდაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. თუმცა მოსახლეობის ზრდა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის განვითარება კარგი მოგების შესაძლებლობას აჩენს“, - წერია ანგარიშში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ