კინოტურიზმი, როგორც ეკონომიკის ძლიერი წყარო - დადებითი და უარყოფითი მხარეები

CNBC-ის ცნობით, ბლოკბასტერული ჰიტები მასიური ტურიზმის შედინებას იწვევს იმ ქვეყნებსა და ადგილებზე, სადაც ისინი გადაიღეს.

1996 წელს გადაღებულმა მელ გიბსონის ისტორიულმა ფილმმა, „მამაცმა გულმა“ იმ პერიოდში შოტლანდიაში, უოლესის ეროვნულ ძეგლთან ტურისტების დასწრება 300%-ით გაზარდა. ფილმ „ჰარი პოტერის“ ფრენჩაიზამ დიდ ბრიტანეთში ტურიზმი, 2000-იან წლებში, სულ მცირე, 50%-ით გაზარდა ყველგან, სადაც კი ფილმი გადაიღეს.

240822386-834838004061150-6977565975499142910-n-1630222962.jpg

„ამას „კინოტურიზმს“ უწოდებენ და მას ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება შეუძლია. კინოტურიზმი ავსებს იმ ცარიელ ადგილებსაც, რასაც ტურიზმის სეზონური მიჩუმათება იწვევს“, - იუწყება CNBC.

თუმცა კინოტურიზმი გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის. მაგალითად, ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფილმმა, „ნათლიამ“ ფილმში ნაჩვენები ადგილებისთვის დიდი პრობლემები შექმნა. მაგალითად, სიცილიის სოფელ კორლეონეში ბევრი ტურისტი იმისთვის ჩადის, რომ „ნათლიის“ ატმოსფერო შეიგრძნოს, თუმცა ისინი იმედგაცრუებული და გაბრაზებული რჩებიან, როცა იქ მაფიის წევრებს ვერსად პოულობენ. ტურისტებისთვის ადგილობრივ მოსახლეობას მსახიობების როლის მორგება უწევთ, ხოლო გიდები იტალიური მაფიის ისტორიას ჰყვებიან. ეს მაშინ, როცა კორლეონეში ფილმის არც ერთი კადრი არ არის გადაღებული და მასში ასახული ადგილები რეალურად სოფელ სავოკასა და ფორცა დაგროშია.

240827155-228184925972851-7190311330110950901-n-1630222996.jpg

„სოფელი კორლიონე ადგილობრივებისთვის მარადიულ გადასაღებ მოედნად გადაიქცა, მათი აუდიტორია კი ტურისტები არიან", - იუწყება CNBC.

Las Vegas Review-Journal-ის მონაცემებით, ფილმი „წვეულება ვეგასში“ ქალაქში ტურისტების მხრიდან ცნობილი სცენების იმიტაციას იწვევს, ხოლო როგორც CNBC-ის Caesars Palace-ის წარმომადგენელმა განუცხადა, ტურისტები სასტუმროს მთავარ დარბაზში დღემდე ციტირებენ ცნობილ ფრაზას - „კეისარი აქ ცხოვრობდა?“

მას შემდეგ, რაც 1960 წელს ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, ფედერიკო ფელინის ფილმი „ტკბილი ცხოვრება“ გამოვიდა, შთაგონებული ტურისტები, ერთ-ერთი ცნობილი სცენის მიხედვით, რომის ფანტან Trevi-ზე ცოცავდნენ. მას შემდეგ, თითქმის, 60 წელი გავიდა და იტალიის ხელისუფლება კვლავ ამ პრობლემის წინაშე დგას: პოლიციელები შადრევანზე ამძვრალ და ირგვლივ მორბენალ, ხალათებსა და ბეწვის ქურთუკებში გამოწყობილ ტურისტებს დასდევენ. მეტიც: ზოგი ტურისტი შიშვლდება და შადრევანში დაცურავს, ზოგიც ქანდაკებებზე ცოცავს და ზედ სახელების ამოკვეთას ცდილობს, რითიც არქიტექტურას რისკის ქვეშ აყენებს. რომის მთავრობამ შადრევანთან უწესრიგო საქციელისთვის ჯარიმა 450 ევრომდე (527 დოლარამდე) დააწესა, ხოლო 2020 წელს ქალაქის საბჭომ მოიწონა გეგმა მის პერიმეტრზე ერთმეტრიანი ფოლადისა და მინის ბარიერის აღმართვის შესახებ. თუმცა, ამან ძეგლთა დაცვის ექსპერტების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, რომლებიც შიშობდნენ, რომ ბარიერი ფანტანის ხედს გააფუჭებდა.

240817440-328328365692062-802865987956040254-n-1630223107.jpg

ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ წყალობით ახალმა ზელანდიამ უდიდესი ტურისტული ბუმი განიცადა. ტურისტული სააგენტო Tourism New Zealand-ის მონაცემებით, 2019 წელს ყოველი მესამე ტურისტი ახალ ზელანდიაში, სულ ცოტა, ერთ გადასაღებ ადგილს მაინც სტუმრობდა. იმავე წელს 10-იდან 1-ზე მეტი ტურისტი ჰობიტონის სერვისით სარგებლობდა, რომელიც ტურებს ჰობიტის სახლებში აწყობდა. Tourism New Zealand-ის მონაცემებით, კინოტურიზმიდან ახალი ზელანდიის ეკონომიკაში, მხოლოდ 2019 წელს, დამატებით 437 მლნ დოლარი შევიდა.

240827480-3145827018980189-3290718956900443935-n-1630223139.jpg

ტაილანდის ფი ფი ლეჰის კუნძული მაია ბეი გადამეტებული პოპულარობით ლეონარდო დიკაპრიოს სათავგადასავლო დრამა „პლაჟის" წყალობით სარგებლობდა. თუმცა 2018 წელს ის ვიზიტორებისთვის მას შემდეგ დაიხურა, რაც ტურისტების ზრდამ კუნძულის გარემო დააზიანა. 2000 წელს, ფილმის გამოსვლის შემდეგ, ოდესღაც მიტოვებული ყურე ერთდღიანი ტურისთვის პოპულარულ ადგილად გადაიქცა. კუნძულზე დღეში 5000-მდე ტურისტი ნავებით ჩადიოდა, თუმცა ისინი იქ ნაგავს ტოვებდნენ და გარემოს აბინძურებდნენ, რამაც ადგილობრივი ველური ბუნება და მარჯანი დააზიანა. მესამე წელია, რაც მაიას ყურე ტურისტებისთვის დახურულია.

240270164-845358796150536-1777497745799943329-n-1630223075.jpg

2015-2017 წლებში გამოსულ ფილმებში - „ვარსკვლავური ომები: ძალა იღვიძებს" და „ვარსკვლავური ომები: ბოლო ჯედაი" ნაჩვენებმა კადრებმა ირლანდიის კუნძულ Skellig Michael-ის მიმართ ინტერესი მეტად გაზარდა.

ირლანდიის საზოგადოებრივი სამუშაოების ოფისის მონაცემებით, კუნძული 2018 წელს, თითქმის, 17 000-მა ადამიანმა მოინახულა, რაც ათი წლის წინათ დაფიქსირებულ 11 100 ვიზიტორზე გაცილებით მეტია. მედიის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, UNESCO ტურისტების ზრდას ამ ადგილისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს.

Skellig Michael ტურიტებისთვის მაისიდან სექტემბრამდე იხსნება, მაგრამ ვიზიტორების რაოდენობა დღეში 180 კაცამდე შეზღუდულია. ეს ლიმიტი 1994 წელს დააწესეს, რაც 1995 წელს UNESCO-მაც დაამტკიცა. კუნძულზე შეზღუდულია ტურისტული ნავების რაოდენობაც და მათი მუშაობისთვის სპეციალურ ნებართვა არის საჭირო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ