ბუდაპეშტში Pfizer-ის ვაქცინის უნგრელი ფუძემდებლის უზარმაზარი ფრესკა დახატეს

ბუდაპეშტის ცენტრში უნგრელი წარმოშობის მეცნიერის, კატალინ კარიკოს უზარმაზარი ფრესკა შექმნეს. ამით უნგრელებმა კოვიდსაწინააღმდეგო mRNA ვაქცინის ფუძემდებლის მიმართ, საკუთარ სამშობლოში პატივისცემა გამოხატეს.

ქალაქის ურბანულმა დიზაინერებმა გერმანული კომპანია BioNTech-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, კატალინ კარიკოს პორტრეტი დახატეს და ამ სახით მისი სამეცნიერო ძალისხმევა დააფასეს. როგორც ცნობილია, BioNTech-მა Pfizer-თან ერთად კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ვაქცინა შეიმუშავა.

შვიდდღიანი მუშაობის შემდეგ, მხატვარმა შაბათ შუადღეს პორტრეტზე მუშაობა დაასრულა, ორშაბათს კი ფრესკას დაემატება სლოგანი: „მომავალს წერენ უნგრელები".

„კატალინ კარიკო არის მაგალითი არა მხოლოდ ვაქცინის შემუშავების გამო, არამედ მან უნგრელ ახალგაზრდა თაობას დაუმტკიცა, რომ უნგრელებსაც შეუძლიათ მეტად პოზიტიურ ეფექტს მიაღწიონ მსოფლიოში”, - აცხადებს კომპანია Brain Bar-ის დამფუძნებელი, გერგელი ბოსზორმენი-ნაგი, რომელმაც ფრესკის იდეა მოიფიქრა.

კარიკო თავის პორტრეტს twetter-ში გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისთვის „ეს სიურპრიზი, დიდი სიურპრიზი იყო".

მეცნიერის მომღიმარი სახე ბუდაპეშტის მწვანე რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზეა დახატული.

"ის არის ფანტასტიკური ფიგურა უზარმაზარი მიღწევით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის უმაღლეს ჯილდოს, ნობელის პრემიას მიიღებს. ჩვენ მისით ძალიან ვამაყობთ",- აცხადებენ უნგრელები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ