რა ფასდაკლებებსა და საჩუქრებს სთავაზობენ ვაქცინირებულ მომხმარებლებს საკვების მიტანის კომპანიები

კორონავირუსის პანდემიის დასრულების მიზნით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვაქცინაციის აქტიური კამპანია მიმდინარეობს. სახელმწიფო ლიდერების უმეტესობა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აცრას და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

ხელისუფლებების გარდა, ბოლო დროს არაერთმა კომპანიამ დაიწყო წამახალისებელი პრიზებისა და საჩუქრების გაცემა ვაქცინირებული ადამიანებისთვის, რისი მიზანიც ვაქცინაციის წახალისება და ხელის შეწყობაა.

Euronews-ის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში საკურიერო მომსახურების კომპანიებმა, ისეთებმა, როგორებიცაა: Uber, Bolt და Deliveroo, გადაწყვიტეს, მასობრივ ვაქცინაციაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და აცრილი მომხმარებლები წაახალისონ.

გამოცემის მიხედვით, კომპანიები მომხმარებლებს ვაქცინაციის ცენტრებამდე უფასო ტრანსპორტირებასა და გამოძახებული საკვებისა, თუ სხვა პროდუქტების უფასოდ მიტანას სთავაზობენ.

”ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ მნიშვნელოვან კამპანიასთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ მთავრობასთან და ვცდილობთ, წავახალისოთ ყველა, ვინც აიცრას გადაწყვეტს“, - განაცხადა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში Uber–ის რეგიონულმა გენერალურმა მენეჯერმა ჯეიმი ჰეივუდმა.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანი საიდ ჯავიდი მიესალმება კომპანიების წამახალისებელ შეთავაზებებს და მოქალაქეებს მოუწოდებს სპეციალური ფასდაკლებებითა და კომპანიების მიერ შეთავაზებული პიცის უფასო ნაჭრებით ისარგებლონ.

გამოცემა ასევე წერს, რომ ვაქცინირებულების წახალისებას კიდევ არაერთი ობიექტი გეგმავს. მათ შორისაა რესტორნები, კონოთეატრები, თეატრები, ფესტივალები და სხვა. ისინი ვაქცინირებულებისთვის სპეციალურ შეთავაზებებს მალე აამოქმედებენ.

ბექა ბერიაშვილი