ჩილეში ვაქცინირებული მაყურებლების მონაწილეობით საექსპერიმენტო როკ-კონცერტებს ატარებენ

ვაქცინირებული ჩილელები, კლინიკური კვლევების ფარგლებში, კონცერტების სერიის პირველ ნაწილს დაესწრნენ, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა COVID-19-ის გავრცელების გარეშე, ისეთი მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოდ განახლება, როგორიც კონცერტებია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საექსპერიმენტო კონცერტების სერია ქვეყნის მუსიკოსი ავტორების, შემსრულებლებისა და ჩილეს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის შედეგია, რათა ასეთ ღონისძიებებზე ინფექციის რისკები შეაფასონ და შეეცადონ, ფატალური დარტყმის შემდეგ, ცოცხალი მუსიკის ინდუსტრია კვლავ ფეხზე დააყენონ.

ადგილობრივ როკ-ჯგუფ Chancho En Piedra-ს სამი კონცერტიდან, თითოეულზე მაყურებლისთვის 200 ადგილი არის გამოყოფილი. კონცერტები მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში, საგულდაგულოდ ვენტილირებულ შენობაში ჩატარდება.

დამსწრეებმა ვაქცინაციის დამამტკიცებელი საბუთი უნდა წარმოადგინონ, ატარონ ნიღბები და ჩაიტარონ PCR ტესტები როგორც ღონისძიებამდე, ისე რვა დღის შემდეგ. კლინიკური კვლევის კონცერტების წინასწარი შედეგები სექტემბერში გახდება ცნობილი.

ანალოგიური ექსპერიმენტი, რამდენიმე ათასი ადამიანის აუდიტორიით, ბარსელონასა და ლივერპულში გამართულ როკ-კონცერტებზეც ჩატარდა. თუმცა, იქ მაყურებელი მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს არ წარმოადგენდა. დადგინდა, რომ კოვიდუსაფრთხოების მკაცრი ზომების კონცერტებზე COVID-ის გავრცელების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ საზოგადოებაში.

ჩილეს ექსპერიმენტი იმითი არის უნიკალური, რომ მასში მხოლოდ ვაქცინირებული მაყურებელი მონაწილეობს. ამასთან, გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ ჩილეს მსოფლიოში ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. მოსახლეობის 70% სრულად აცრილია.

დოქტორ ალეხანდრო აფანი, რომელიც ჩილეს უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ჩილეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება და ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი მასობრივი ღონისძიებების განახლების მცდელობისთვის ხელსაყრელ მომენტს ქმნის.

როკ-ჯგუფის ვოკალისტი ედუარდო იბეასი იმედოვნებს, რომ საექსპერიმენტო კონცერტის მონაწილეები თვითდამცავ ზომებს სერიოზულად მოეკიდებიან.

„ჩვენ პოზიტიური შედეგი უნდა დავდოთ, რომ ცოცხალი შოუები რაც შეიძლება, მალე განახლდეს”, - განუცხადა Reuters-ს ედუარდო იბეასმა.

ბუდაპეშტის ცენტრში უნგრელი წარმოშობის მეცნიერის, კატალინ კარიკოს უზარმაზარი ფრესკა შექმნეს. ამით უნგრელებმა კოვიდსაწინააღმდეგო mRNA ვაქცინის ფუძემდებლის მიმართ, საკუთარ სამშობლოში პატივისცემა გამოხატეს.

ქალაქის ურბანულმა დიზაინერებმა გერმანული კომპანია BioNTech-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, კატალინ კარიკოს პორტრეტი დახატეს და ამ სახით მისი სამეცნიერო ძალისხმევა დააფასეს. როგორც ცნობილია, BioNTech-მა Pfizer-თან ერთად კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ვაქცინა შეიმუშავა.

შვიდდღიანი მუშაობის შემდეგ, მხატვარმა შაბათ შუადღეს პორტრეტზე მუშაობა დაასრულა, ორშაბათს კი ფრესკას დაემატება სლოგანი: „მომავალს წერენ უნგრელები".

-0:16 „კატალინ კარიკო არის მაგალითი არა მხოლოდ ვაქცინის შემუშავების გამო, არამედ მან უნგრელ ახალგაზრდა თაობას დაუმტკიცა, რომ უნგრელებსაც შეუძლიათ მეტად პოზიტიურ ეფექტს მიაღწიონ მსოფლიოში”, - აცხადებს კომპანია Brain Bar-ის დამფუძნებელი, გერგელი ბოსზორმენი-ნაგი, რომელმაც ფრესკის იდეა მოიფიქრა.

კარიკო თავის პორტრეტს twetter-ში გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისთვის „ეს სიურპრიზი, დიდი სიურპრიზი იყო".

მეცნიერის მომღიმარი სახე ბუდაპეშტის მწვანე რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზეა დახატული.

"ის არის ფანტასტიკური ფიგურა უზარმაზარი მიღწევით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის უმაღლეს ჯილდოს, ნობელის პრემიას მიიღებს. ჩვენ მისით ძალიან ვამაყობთ",- აცხადებენ უნგრელები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ